სადისტრიბუციო კომპანიებს ფასებს რეგულაციებიც უძვირებს – რა განცხადებები გაკეთდა ფასების კომისიაზე (ვიდეო)

პარლამენტში ფასების დამდგენი კომისიის სხდომაზე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებზე ისაუბრეს.

კერძოდ, მათი თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისში აიკრძალა სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე, სადისტიბუციო კომპანიებს პერსონალის გაზრდა და დამატებითი მანქანების ყიდვა მოუწია, რამაც საოპერაციო ხარჯი 0.7-0.8 პროცენტით გაზარდა.

მას შემდეგ, რაც თბილისში აიკრძალა სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე, ამან ჩვენი საოპერაციო ხარჯი გაზარდა დაახლოებით 0.7-0.8 პროცენტით. მოგვიწია დამატებითი მანქანების შეძენა, ხალხის 50%-ით გაზრდა, იმ ადამიანების, ვინც არიან მიტანაზე და ასევე მოგვიწია რამის ცვლის დამატება, ახლა მყავს დღის ცვლაც და ღამის ცვლაც,” – თქვა სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგის” დირექტორმა, ვახტანგ საძაგლიშვილმა. 

მისივე თქმით, ქეშბექის სისტემის გაუქმებამ და ბაზრის ნეტ-მოდელზე გადასვლამ, შესაძლოა, დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვის უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს და საბოლოოდ მომხმარებლის ფასებზეც აისახოს.

ქეშბექის გაუქმების შედეგი ჩვენთვის უარყოფითი იქნება. ამ ბიუჯეტის ნაწილი პირდაპირ ფასდაკლებებზეა მიმართული. თუ გადავედით ნეტ-მოდელზე, ამის შესაძლებლობა მომაკლდება, რადგან ქსელი უკვე თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რა ფასი დაადოს პროდუქტს, უნდა ძვირად გაყიდის, უნდა იაფად,” – აცხადებს საძაგლიშვილი.

ამასთან ქეშბექების სისტემის გარეშე სადისტრიბუციო კომპანიები კარგავენ მარკეტინგულ ბერკეტებს, რაც, საბოლოო ჯამში, გაყიდვების კლებაში აისახება.

შედეგად შეიძლება მივიღოთ გაყიდვების შემცირება, რაც შესაბამისად აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროდუქტი კონკრეტულ ფასად გაიყიდება, ნეტ-ურთიერთობის პირობებში კი ეს კონტროლი იკარგება,” – თქვა მან.