„სადისტრიბუციო კომპანიების მთავარი წუხილი გაზრდილი ჯარიმებია, რომლებიც ბიზნესს უკვე გადასახადად ექცა“ – ივა ჭყონია

„ისეთი კარგი წელი, წინა წლებთან შედარებით, როგორიც 2023 იყო, მე არ მახსოვს. ზოგადად, იანვარ-თებერვალზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ახალი წლის შემდეგ აქტივობა მცირდება, თუმცა 2024 წლის იანვარ-თებერვალი მაინც გამოირჩეოდა განსაკუთრებით დაბალი აქტივობით ვაჭრობის სფეროში“, – ამის შესახებ დისტრიბუტორთ ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში წლის დასაწყისში ვაჭრობის სექტორში შემცირებულ აქტივობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკაზე მიგრანტების ეფექტი მიილია, მთავარი მიზნები ფასების შენარჩუნება და სტაბილურობის მიღწევაა.
„ეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმით, რომ მიგრანტებმა ქვეყანა დატოვეს. სტაბილურად ვინც დარჩა, უკვე იმ რეალობას მოერგო, რაც დღევანდელ სიტუაციაში არის. გასულ წლებში არაერთმა ბრენდმა დატოვა . ამავდროულად, ქვეყანაში დიდი იყო მიგრანტების შემოდინება. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობდა ვაჭრობა. რა თქმა უნდა წელს ისეთი აქტივობა ვერ იქნება, როგორც 2023-ში, ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ველოდებით, რომ გარკვეული სტაბილურობა შეიქმნება.
ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობის მიღწევა, მინიმუმ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და ფასების შენარჩუნება. საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობა შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნავთობის ექსპორტი შეაჩერა, ნავთობის ფასები ჩვენთან სტაბილური იქნება და გვქონდა ამაზე შესაბამის ასოციაციასთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ნავთობი ფასების ცვლის განმაპირობებელი ფაქტორი არ იქნება“ – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
მან სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბიზნესის ძირითადი წუხილი გაზრდილი ჯარიმები და დიდი გაბარიტების მანქანებისთვის დაწესებული აკრძალვაა.
„ჩვენი მთავარი წუხილია გაზრდილი ჯარიმები, მათ შორის პარკირების, რომელიც 5-ჯერ, 6-ჯერ და 7-ჯერ არის გაზრდილი. კომპანიებს ეს მძიმე ტვირთად აწევთ. ჯერჯერობით კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ რომ რამენაირად ეს პრობლემა გადაწყდეს, რადგან ეს გარკვეულ გადასახადად ექცათ კომპანიებს. ჯარიმა არის, როდესაც არსებობს საპარკინგე ადგილები და შენ არღვევ ამ წესს, ხოლო ეს უკვე იქცა გადასახადად, რადგან არ არის საპარკინგე ადგილები და ამის მიუხედავად, იძულებული ხარ მოამარაგო მაღაზიები და გააჩერო ისეთ ადგილას, სადაც ჯარიმა გეწერება. სხვანაირად წარმოუდგენელია, კოლაფსი მოხდება და ცარიელ დახლებს მივიღებთ“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
მისი თქმით, თბილისის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებისთვის დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით 300 სადისტრიბუციო მანქანას შეეხება სექტემბრიდან.
„არიან კომპანიები, რომლებიც საუბრობენ, რომ ამ შეზღუდვის გამო, შესაძლოა, პროდუქტის ფასი გაიზარდოს. მაგალითად, ასეთია წყალი, რომლის მარჟაც ძალიან დაბალია და ამის პარალელურად კომპანიებს ხარჯის გაზრდა მოუწევთ.
მერიას არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, დამატებითი საპარკინგე ადგილები შეიქმნა თუ არა. ვიცით, მხოლოდ ის, რომ თბილისის მასშტაბით სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 150 საპარკინგე ადგილი. თბილისს სჭირდება რამდენიმე ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ამ პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თითო ცენტრის შექმნას დაახლოებით 100 მლნ დასჭირდება, ამიტომ თუ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ იქნება, ამ ინვესტიციას ისე ვერავინ გასწევს“, – განმარტა ივა ჭყონიამ.