სადისპეტჩერო მომსახურება საქართველოდან აშშ-ში – რა პერსპექტივა აქვს დისპეტჩინგის ბიზნესს?
ქართულ ბაზარზე დისპეტჩინგის ბიზნესი განვითარებას იწყებს. დისპეტჩინგი – გადაზიდვების პროცესის მართვასა და მძღოლებისთვის მარშრუტების დაგეგმვას გულისხმობს. საქმე ქართული ბაზრისთვის სიახლეა და ამ მიმართულებით დღეს ცოტა კომპანია ოპერირებს. შესაბამისად ბიზნესი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც კომპანიებს თანამშრომლების გადამზადება და მათთვის საქმის შესწავლა უწევთ. სწავლის პროცესი დაახლოების ერთ თვეს მოიცავს და ამ პერიოდში თანამშრომლები მძღოლებთან კომუნიკაციას, მარშრუტების დაგეგმვასა და გადაზიდვის პროცესის მართვას სწავლობენ.
,,კომერსანტი“ სადისპეტჩერო კომპანია ,,მელოს დისპეტჩის” თანადამფუძნებელს ესაუბრა. კომპანია აშშ-ში ქართველ მძღოლებს ავტომობილების გადაზიდვების პროცესის წარმართვაში ეხმარება. ზვიად სალია ამბობს, რომ შტატებში ავტომობილების გადაზიდვებზე დიდი მოთხოვნაა. გადამზიდ მძღოლებს კი პროცესის სწორად წარმართვაში დახმარება სჭირდებათ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს საქმე საკმაოდ მომგებიანია, რის გამოც საქართველოდან ბევრმა აშშ-ში წასვლა და ამ სფეროში მძღოლად მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.
,,მოთხოვნა ავტომობილების გადაზიდვაზე საკმაოდ მაღალია, რადგან აშშ მწარმოებელი ქვეყანაა. ასევე დაკავებულია იმპორტით და ექსპორტით. ქართველ მძღოლებს რაც შეეხება, ზუსტი რიცხვის თქმა არ შემიძლია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანია წასული საქართველოდან აშშ-ში ამ საქმიანობაზე. დაახლოებით 70 მძღოლთან ვთანამშრომლობთ შტატებში. მაღალანაზღაურებადი საქმეა. ანაზღაურება არის ალბათ მთავარი მოტივატორი, რატომაც მიდიან ამ საქმის საკეთებლად. ჩვენი პროფილის კომპანიები, რომ ოპერირებდნენ ბაზარზე არ გამიგია. ვიცი ერთეულები, რომლებიც ინდივიდუალურად ეხმარებიან მძღოლებს. მაგრამ კომპანიებზე ინფორმაცია არ მაქვს. რატომ არ არის ბევრი კომპანია ამ მიმართულებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ხანია ვცდილობ, რადგან საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა. არ არის იმ ტიპის სირთულე, რასაც სხვა სამსახურებში არ წააწყდები. სავარაუდოდ, ერთ ერთი მთავარი პრობლემა არის გრაფიკი, რადგან ამერიკის დროზე გვიწევს ცხოვრება. საქმის სირთულე არ მგონია, რომ შემაფერხებელი იყოს.”- აცხადებს ზვიად სალია.
დისპეტჩინგი ახალი მიმართულებაა, რის გამოც სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური და გამოცდილი დისპეტჩერები არ არიან. მიუხედავად ამისა ,,მელოს დისპეტჩის” თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ კადრების მოძიება რთული არ არის, რადგან ბევრ ადამიანს სურს დასაქმება. შედარებით რთულია დისპეტჩერების მომზადების პროცესი, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ გადაზიდვების პროცესის სწორად მართვა და მარშრუტების შედგენა.
,,კადრების მოძიება საბედნიეროდ არ არის რთული ამოცანა, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც დასაქმება სურს. გვიწევს თანამშრომლების გადამზადება. სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ უნარებზე, მაგრამ საშუალოდ ერთი თვეა საჭირო. ერთ თვეში დისპეტჩერი იმ დონეზეა მზად, რომ ჩვენი დახმარებით თავი გაართვას ერთ მძღოლთან მუშაობას. ლოგისტიკას რაც შეეხება ანუ საქართველოდან გადაზიდვების მართვას აშშ-ში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან დიდი მასშტაბებია ამერიკაში და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება დისტანციურად. ასე, რომ ეს პრობლემას არ არის.”- აცხადებს ზვიად სალია.
კომპანია ,,მელოს დისპეტჩის” თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ დისპეტჩინგი პერსპექტიული საქმეა. ზვიად სალია აცხადებს, რომ აშშ-ში მიმზიდველი ბაზარია, რადგან ეს დიდი მასშტაბის ქვეყანაა, სადაც ყველა პროდუქტს გადამზიდი სჭირდება, გადამზიდს კი პროცესის სწორად წარმართვაში დამხმარე. კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ავტომობილების გადაზიდვების პროცესს მართავს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავენ, რომ საქმიანობის სფერო გააფართოონ.
,,საქმე პერსპექტიულია. ბევრია ასათვისებელი უშუალოდ ავტომობილების გადაზიდვებში. აშშ საკმაოდ დიდი ბაზარია ასათვისებლად და სხვადასხვა ტიპის გადაზიდვებში ჩართვა შეიძლება. არის ამაზონის ტვირთები, ე.წ. მშრალი ტვირთები. მოკლედ, ყველაფრის გადაზიდვა ხდება ამ ქვეყანაში და ყველაფერს სჭირდება გადამზიდავი. გადამზიდავს სჭირდება ლოგისტიკის მენეჯერი.”- აცხადებს ზვიად სალია.
