„სადილი“ საექსპორტო ბაზარს აფართოებს და აშშ-ში შედის

„სადილი“ -ში ექსპორტზე გავა – ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტმა ამიკო კალანდიამ უთხრა. მისი თქმით, კომპანიამ უკვე მიიღო საერთაშორისო დონის FSSC 22000 სერტიფიკატი, რომელიც დაეხმარება პროდუქტის აშშ-სა თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლაში.
„ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესი გავიარეთ და საერთაშორისო დონის FSSC 22000 სერტიფიკატი ავიღეთ, აღნიშნული სერტიფიკატი დაგვეხმარება იმაში, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების ბაზარზე შევიდეთ, ამ თვის ბოლოს მივდივართ დუბაიში, სადაც გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას. დუბაის ბაზარზე უკვე გვცნობენ და ხელშეკრულებასაც დავდებთ კომპანიებთან.“ – აღნიშნა ამიკო კალანდიამ.
რაც შეეხება ქართულ ბაზარზე მოთხოვნას, ამიკო კალანდია აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, ბრენდმა ასორტიმენტი გააფართოვა და სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში შევიდა.
„ქართულ ბაზარზე გავაფართოვეთ არეალი, რამდენიმე სუპერმარკეტი დავიმატეთ, სადაც არ ვიყავით სრული ასორტიმენტით , თუ აქამდე მოშუშული ხორცი შეგვქონდა, ახლა მთლიანი ასორტიმენტი შეგვაქვს, სრული კალათა ყველა პროდუქტით, თითქმის ყველგან არის ხელმისაწვდომი, მოთხოვნაც მზარდია.
გარდა ამისა ტენდერში ვართ გამარჯვებულები და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ვამარაგებთ, საკმაოდ აქტიურად ვარ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი. ქართულ სუპერმარკეტებში შეხვდებით ხარჩოს, საცივს, ლობიოს, ფლავს კახურად, ოსტრს და მოშუშული ხორცის სამ ვარიანტს – მიკროზომის, სტანდარტს და პრემიუმს“- აღნიშნა ამიკო კალანდიამ.
რაც შეეხება ფასებს, ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგივე საფასო პოლიტიკა შევინარჩუნოთ.
შეგახსენებთ, რომ ,,ჯეონატურალსი“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 000 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.