სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას – ზურაბიშვილი „ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე

სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას, რომელიც 2003-12 წლებში „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს“, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხებს იკვლევს და სადაც გენერლებს პასუხი მოსთხოვეს.
„არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს, ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბიშვილმა თეა წულუკიანს, – რომელიც კომისიის თავმჯდომარეა, უწოდა „პროკურორი თეა ვიშინსკი“ (ანდრეი ვიშინსკი 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში განხორციელებული რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო).
„ეს არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება. ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას“, – განაცხადა მან.
„უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი, – ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულება“, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.
„ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტი სახელმწიოფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დისკრედიტაციის მცდელობით საზოგადოების დემორალიზაციას“, – თქვა ზურაბიშვილმა.
„მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელწიფოებრიობის, მაშასადამე ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის… ცალკეული მოქალაქის მტერი“, – განაცხადა მან.
მანამდე, აქციის მიმდინარეობისას, სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს დემონსტრანტების ნაწილი მოუწოდებდა, შეეფასება „ქართული ოცნების“ კომისია და ეკითხებოდნენ: „ომი ვინ დაიწყო?!“
2018 წლის საპრეზიდენტო ს პერიოდში სკანდალში გაეხვა 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. 2018 წლის 6 აგვისტოს მან განაცხადა:
„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს [2008 წელს] ჩავერთეთ ს პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ“.
მოგვიანებით, 17 სექტემბერს, მან განაცხადა: „მეორე თემა – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია, რუსეთმა და რატომ? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით“.
ასევე, მაშინაც დასძინა: „ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ყოფილ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს ჰკითხავენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2008 წელს საქართველოში ომი დაიწყო მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
კომისიის საქმიანობამ დისკუსია გააქტიურა ომის დაწყებასა და მიმდინარეობაზე.
არაერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა სამხედრომ და პოლიციელმა, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კომისიის საქმიანობის წინააღმდეგ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „ომის გაჩაღებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ და კვლავ „გენოციდში“ დაადანაშაულა ცენტრალური ხელისუფლება:
„ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ.
2025 წლის აგვისტოში 17 წელი შესრულდება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.
ამ ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
ამ ომში „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე სასაუბროდ „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 5 თებერვალს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებმა სტრასბურგსა თუ ჰააგაში რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინეს ომთან დაკავშირებით, ომის თემაზე საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ბევრისთვის რუსეთის ფედერაციის ინტერესების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს.