პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში – გიორგი შალუტაშვილმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო. თუ რომელიმე გაფიცული სტუდენტი შენობას დროებით დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება. ანუ ადამიანებს, რომლებიც 23 დღეა ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტი აეკრძალათ.
რექტორის გადაწყვეტილების ფონზე სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ რაც მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ, პროტესტს უფრო გააძლიერებენ. მათი თქმით, ეს რექტორის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებაა, თუმცა ამის არ ეშინიათ.
დღეს დილით გამოქვეყნდა ვიდეო ფაქტების სახით, სადაც ბატონი გიორგის თითოეული გადაწყვეტილება ჩანს მკაფიოდ და ისიც ჩანს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ რექტორის გადადგომა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ რეაქცია ამ ყველაფერზე, როგორც წინაზე, სადამსჯელო. დღესაც იგივეა, რომ თუ ვინმე უნივერსიტეტიდან გავა, უკან ვეღარ დაბრუნდება ანუ ჩანაცვლების უფლებას არ გვაძლევენ და გვეუბნებიან, რომ თუ გასვლა გვინდა, უნდა გავიდეთ და უკან აღარ დავბრუნდეთ. ეს ყველაფერი არის ჩვენი დასჯა და ამ ყველაფერზე ერთი და იგივე პასუხს მიიღებენ: რაც უფრო შეეცდებიან, რომ გაგვაჩუმონ, უფრო ხმამაღალ პროტესტს მიიღებენ. მხოლოდ რექტორია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, – ამბობს თეატრალურის სტუდენტი ნინი გოგია.
თეატრალურის გაფიცულ სტუდენტებს წინააღმდეგობა რამდენიმეჯერ შეუქმნეს. იყო შემთხვევა, როდესაც გაფიცულ სტუდენტებთან საკვების შეტანა აიკრძალა. წინაღობების მიუხედავად, სტუდენტები პროტესტს სამი მოთხოვნით აგრძელებენ: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა.