იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ გეგმავს, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, – რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, – სადამკვირვებლო მისია გამოგზავნოს.
„[საარჩევნო პროცესის] გამჭვირვალობის [უზრუნველყოფისა] და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ODIHR-ი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გამოგზავნის მოწვევას“, – აცხადებს ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი.
7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
· 2025 წელი არის პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, როდესაც არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოუწვევიათ ეუთო/ოდირის ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია;
· ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ წელსაც მოიწვია ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში „ფინანსური მიზეზების“ გამო ვერ გამოიგზავნა.
· ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდა 2006, 2017 და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს;
· „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირის მოწვევისკენ თავდაპირველად ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა 18 ივნისს და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩატარდება.
· ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“ და ამ შემთხვევაშიც „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა“.
ამასთან, ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ (ODIHR-ი) „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის „სულ უფრო და უფრო შეზღუდული გარემოს“, მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ODIHR-ი „განსაკუთრებული შეშფოთებით“ აღნიშნავს ბოლო თვეების განმავლობაში ათობით მომიტინგის „დაპატიმრებას და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობას“.
ორგანიზაცია „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ გამოხატავს „მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულების გამო ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილი ზეწოლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით“.
„გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, – წერია განცხადებაში.
ფორუმი
