სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ – საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდეგომ გადაეგზავნოს მმართველ პარტიას- მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე,- ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს.
როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს თითოეული ამომრჩევლის უფლებას და ზოგადად არჩევნებს.
„გასულ კვირას სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ გამოეხმაურა ამომრჩეველთათვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტების ჩამორთმევის ფაქტებს. კერძოდ, რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს და ასევე, სოციალურად დაუცველ პირებს, ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მათი ნების საწინააღმდეგოდ.
2024 წლის 12 ოქტომბერს მედიით გაშუქებული ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფაქტების შესახებ. როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდეგომ გადაეგზავნოს მმართველ პარტიას. სპეციალურ საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები – მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.
გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. მაშასადამე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განმარტებას მათ მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს როგორც თითოეული ამომრჩევლის უფლებას, ასევე ზოგადად არჩევნებს“, -აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.
ამასთან, სადამკვირვებლო მისიამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ შემოწირულობებთან დაკვშირებით. მათი განმარტებით, ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებით 592 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.
„ახალ შემომწირველ კომპანიებს 17 მილიონი ლარი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. მათვე, მილიონ ლარამდე სუბსიდია აქვთ მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები“, – აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
გარდა ამისა, „ჩემი ხმის“ განმარტებით, შემაშფოთებელია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ქმედებები კრიტიკული არხების წინააღმდეგ.
„მიუხედავად იმისა, რომ ში ს მიერ დაწყებული ომის ტრაგედიით მანიპულაციის შინაარსის საარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარის თქმა სამი არხის – “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” – მხრიდან კანონიერი ქმედება იყო, კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ ისინი მაინც დააჯარიმა. ამ ფაქტამდე, ამავე არხებმა უარი თქვეს ომის თემატიკაზე ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საარჩევნო კლიპის გაშვებაზე, რომელშიც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ნაჩვენები. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შევახსენებთ: ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს (552 მუხლს, 56-ე მუხლს და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტს), რომლის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება. ასევე, იკრძალება ,,ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა” და ძალადობისა და სიძულვილის წაქეზება (სიძულვილის ენის გამოყენება) რეკლამაში, მათ შორის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ნიშნით. ამასთან, გასულ კვირას, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია „ფორმულას“, რომლებმაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღიარეს კვლიფიციურ სუბიექტად და განაცხადეს თანხმობა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეუქმნა ხელოვნური ბარიერები – საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მისცა რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ხოლო „ფორმულა“ ცნო სამართალდამრღვევად. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს არანაკლებ 4%-იანი მხარდაჭერა, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს აქვს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. რაც შეეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანია ,,იმედისა“ და ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს არის მცდელობა შეიქმნას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ობიექტურობის ილუზია, რაც ვერ შეცვლის მის მიერ ამ დრომდე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებით საარჩევნო გარემოსთვის მიყენებულ ზიანს“, – აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
რაც შეეხება ემიგრანტებს, „ჩემი ხმის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოს ემიგრანტ მოქალაქეთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს, რაც 30 326-ით აღემატება 26 სექტემბერს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას არსებულ რაოდენობას.
„მივესალმებით ემიგრანტი მოქალაქეების მიერ რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილ უპრეცედენტოდ მაღალ აქტიურობას, რაც გახდა საზღვარგარეთ დამატებით შვიდი უბნის შექმნის საფუძველი, თუმცა კვლავ აღვნიშნავთ, რომ გადაუჭრელ და სერიოზულ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების არარსებობა იმ ქალაქებში, სადაც ემიგრანტების რაოდენობა მაღალია. კვლავ მოვუწოებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ს გამოიჩინონ ნება და შექმნან საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმ ქალაქებში, სადაც ქართველი ემიგრანტი ამომრჩევლების რაოდენობა აჭარბებს უბნის გახსნისთვის ამომრჩეველთა კანონით დადგენილ რაოდენობას“, – აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
ასევე, რაც შეეხება დამკვირვებლებს, „ჩემი ხმის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგისტრაცია გავლილი აქვს დამკვირვებლობის 3335 მსურველს. მიმდინარეობს მათთან გასაუბრების პროცესი. შერჩეული 800 დამკვირვებლისთვის უკვე ჩატარდა 25 ტრეინინგი. დამკვირვებელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე.