სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებებში მენტალური ჯანმრთელობის სერვისების დაფარვა ჩნდება

მსოფლიოში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. გამონაკლისი საქართველოც არაა. ამ სფეროში არსებობს გარკვეული პრობლემები, მათ შორის მთავარია ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და სტიგმა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულებით პროგრესი მაინც შეინიშნება, ეს მიმართულება ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები ცდილობენ, ფეხი აუწყონ ტენდენციებს და მომხმარებლებსა და თანამშრომლებს მენტალური ჯანდაცვის სერვისები მიაწოდონ.

ერთ-ერთი ინიციატივა დაზღვევას ეკუთვნის, რომელმაც დასაქმებულთათვის მენტალური შვებულება დააწესა. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები სტანდარტულ 24-დღიან დასვენებასთან და „დეი ოფთან“ ერთად (რიმლის აღება წელიწადში ოთხჯერ, ყოველკვარტალურადაა შესაძლებელი), დამატებით 5-დღიანი შვებულებით ისარგებლებენ, რომელსაც ისინი საკუთარი თავისთვის გამოიყენებენ.

მენტალურ ჯანმრთელობაზე აკეთებს აქცენს ჯიპიაი ჰოლდინგი. როგორც კომპანიის 2024 წლის მმართველობით ანგარიშგებაშია აღნიშნული, კომპანიამ მენტალური ჯანმრთელობის რამდენიმე ცენტრთან გაააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება და დაზღვეულებს მათი სერვისები შესთავაზა.

„ჩვენი პარტნიორობა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებთან მიზნად ისახავს, რომ ჩვენმა დაზღვეულებმა ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ დარგის პროფესიონალების დახმარება, გაუმკლავდნენ სტრესს და იცხოვრონ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. მომსახურება მოიცავს ინდივიდუალურ თერაპიებს: არტ-თერაპია, ფსიქიატრის კონსულტაციები – ჩვენს შეთავაზებებში შედის ლიცენზირებული ფსიქოლოგების და ფსიქიატრების კონსულტაციები , რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალურ შეფასებებს და პერსონალურად მემუშავებულ სამკურნალო კურსებს. ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია – კარგად გვესმის რამდენად მოთხოვნადი და აუცილებელია ჩვენს დროში ბავშვთა ადრული შეფასებები მათი სწორი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, საშუალებას ვაძლევთ დაზღვეულებს ისარგებლონ პროფესიონალების დახმარებით და დაეხმარონ შვილებს ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და სწორ ასაკობრივ განვითარებაში. ჩვენი შეთავაზება ვრცელდება ქოუჩინგის სესიებზე პიროვნული განვითარებისთვის,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

Bayer Consumer Healthcare-ის 2023 წლის კვლევის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხმა, მნიშვნელობის მიხედვით, მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების პრობლემას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა.