სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის.
განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ სადაზღვევო რისკებს (მათ შორის ჯანმრთელობის), ისე ყველა ტიპის ქონებრივ (ქონება, ავტომობილები, ტვირთები და ა.შ) სადაზღვევო პროდუქტებს, ხოლო მეორე კომპანია – სს სადაზღვევო კომპანია „არდი P&C” ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის – ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები. საწყის ეტაპზე ორივე კომპანია არდის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.
სტრატეგიული გაყოფის პარალელურად და მომავალი მრავალწლიანი განვითარების შესაბამისად, შეიცვლება არდის აქციონერთა სტრუქტურა და მულტიპროფილურ სს არდი დაზღვევაში ინვესტირებას მოახდენს საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია – სს საქართველოს კაპიტალი („Georgia Capital“), რომლის აქციები 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მლნ ლარამდეა, რაც საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმია.