სადაზღვევო ბაზრიდან „ავერსის“ ჰოლდინგში შემავალი „ალფას“ გასვლაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ – დევი ხეჩინაშვილი

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო ბაზრიდან „ავერსის“ ჰოლდინგში შემავალი „ალფას“ გასვლაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ მსგავსი გარიგებები ბაზრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ გარიგების შედეგად სადაზღვევო ბაზარზე ზედმეტი კონცენტრაციის მოლოდინი არ აქვს.„სადაზღვევო ბაზრიდან „ავერსის“ გასვლაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. ასეთი რაღაცები ჩვენს ბაზარზე პერიოდულად ხდება – ზოგი კომპანია მსხვილდება, მერე ისევ სხვადასხვა ფორმით გვევლინებიან ბაზარზე. ვერც კარგს ვიტყვი, ვერც – ცუდს, ეს არის „ავერსის“ ჰოლდინგის სტრატეგიული გადაწყვეტილება. ეტყობა, მივიდნენ ბოლომდე „ბენეფიტთან“ მოლაპარაკებებში. იყიდის „ბენეფიტი“ და მერე რას იზამს, დატოვებს ცალკე, თუ შეიერთებს, გამოჩნდება, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა.გამსხვილება იქნება, მაგრამ დომინაციას არ მოველი. „ბენეფიტისა“ და „ალფას“ არითმეტიკული ჯამი რომ ავიღოთ, რა იქნება შედეგი ახალი კომპანიისთვის, ეს არ ვიცით, მსგავს გარიგებებს ყოველთვის ახლავს რისკებიც და არის საშუალებაც. ამდენად, არავითარი ზედმეტი კონცენტრაცია ამის შედეგად არ მოხდება. გაიზრდება პირველი დონის კომპანიების რაოდენობა, რომელიც დღეს არის ხუთი და გაჩნდება მეექვსე“, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.ცნობისთვის, „კომერსანტის” ინფორმაციით, „ავერსი“ სადაზღვევო ბაზარს ტოვებს. როგორც მედიაჰოლდინგს წყარომ აცნობა, „ავერსის“ შვილობილ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ Global Benefits Georgia შეიძენს.