მეთერთმეტე მოწვევის სადავო პარლამენტმა მოსამართლეებს ანაზღაურება ორჯერ და მეტად გაუზარდა. თუკი აქამდე მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული იყო, ახალი კანონით ე.წ. ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება.
მოსამართლეების ხელფასები ე.წ. საბაზისო თანამდებობრივ სარგოსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტზე ნამრავლი იქნება. 2025 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარია.
ვის რა ხელფასი ექნება:
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (ნინო ქადაგიძე) 14 600 ლარი (კოეფიციენტი 10.0) ნაცვლად 7000 ლარისა;
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (გიორგი მიქაუტაძე) 13 432 ლარი (9,2) ნაცვლად 6500 ლარისა;
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ლევან თევზაძე) – 13 140 ლარი (9.0) ნაცვლად 6300 ლარისა;
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 12 410 ლარი (8.5) ნაცვლად 6000 ლარისა;
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (მიხეილ ჩინჩალაძე) – 12 264 ლარი (8,4) ნაცვლად 5800 ლარისა;
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ირაკლი შენგელია) – 12 118 ლარი (8.3) ნაცვლად 5 600 ლარისა;
· სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები და საგამოძიებო კოლეგია) – 11 972 ლარი (8.2) ნაცვლად 5300 ლარისა;
· სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე – 11 826 ლარი (8.1) ნაცვლად 5000 ლარისა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (ვასილ მშვენიერაძე) – 11 972 ლარი (8.2) ნაცვლად 4600 ლარისა;
· სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეები – 11 388 ლარი (7.8) ნაცვლად 4600 ლარისა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 11 388 ლარი (7.8) ნაცვლად 4300 ლარისა;
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 10 950 ლარი (7.5) ნაცვლად 4300 ლარისა;
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 10 512 ლარი (7.2) ნაცვლად 4000 ლარისა.
გარდა ამისა, გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასებიც:
· თავმჯდომარის 14 600 ლარი (კოეფიციენტი 10.0) ნაცვლად 7000 ლარისა;
· თავმჯდომარის მოადგილის 13 140 ლარი (9.0) ნაცვლად 6300 ლარისა;
· მოსამართლე, რომელსაც არ უკავია სხვა თანამდებობა – 12 410 ლარი (8.5) ნაცვლად 6000 ლარისა.
ეს კანონპროექტი სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, მოსამართლეებს კი ხელფასები გაეზრდებათ კანონის „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებისთანავე.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადა მოსამართლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ეს გადაწყვეტილებები დროში ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და კანონმდებლობის გამკაცრებას.
