თბილისის მერიაში სოფელ წიწამურთან მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან და აქტივების მართვის დირექტორ გიგა ნადირაძესთან შეხვედრა გაიმართა. მერიის ცნობით, მათ კახი კალაძე და მისი მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი შეხვდნენ.
GWP-ის წარმომადგენლებმა მერს ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე. უწყების ცნობით, კომპანიის გენერალური დირექტორმა განაცხადა, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.
„მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება“, – წერია განცხადებაში.
მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მაგისტრალი დააზიანა საგურამოში წარმოქმნილმა ბუნებრივმა პროცესებმა, თუმცა მანამდე კომპანიამ თქვა, რომ მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება.
ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, – თქვა მერის მოადგილემ.