“საგზაო უსაფრთხოების მხრივ პრობლემები გაჩნდება” – ექსპერტი Buslane-ში მოპედების შესაძლო დაშვებაზე

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ საავტობუსე ზოლებში მოტოციკლეტებისა და მოპედების დაშვებამ შესაძლოა, საგზაო უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შექმნას. მისი თქმით, მოპედებმა შესაძლოა buslane-ში გაჩერებული ავტობუსების გადასწრება სცადონ, რაც პრობლემებს გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერია საავტობუსე ზოლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მორიგ დაშვებაზე მუშაობს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება ავტობუსის ზოლებში მოტოციკლეტებისა და მოპედების დაშვებას გულისხმობს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გასულ კვირაში აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, მ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე თუ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, მაშინ ამ სახის ტრანსპორტის “ბასლეინში” მოძრაობა საათობრივი დაშვების რეჟიმით განიხილება.
იზორიას თქმით, ყველა ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს კვლევა, რომელიც დაასაბუთებს რამდენად ამართლებს ესა თუ ის გადაწყვეტა.
“ტაქსების დაშვება მოხდა საავტობუსე ზოლებში, რადგან მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩანს, რომ კარგი იქნებოდა 1 წლის შემდეგ კვლევა გაკეთებულიყო, რამდენად არ შეუშალა ხელი ან შეუშალა ხელი ამან ავტობუსების გადაადგილებას. სამწუხაროდ, ასეთი კვლევა არ გვინახავს. ასე რომ, მოპედებსა და მოტოციკლეტებზე რადგანაც თავიდანვე არ არის კვლევა გაკეთებული, დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ერთ წელიწადში ვნახოთ რა შედეგი ექნება ამ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავთ, რომ არ ექმნებათ პრობლემები ავტობუსებს და საგზაო უსაფრთხოება დაცულია, მაშინ იარონ.
ჩემი აზრით, საგზაო უსაფრთხოების მხრივ რაღაც პრობლემები მაინც იქნება. ვინაიდან ხშირად, როცა ავტობუსის ზოლში შემოდის ტაქსის ავტომობილი, ელოდება სანამ არ არ დაიძვრება და უკან უდგამს, ის მანევრირებას არ აკეთებს. თუმცა მოპედების შემთხვევაში ძალზე რთული იქნება, მით უმეტეს საკურიერო სერვისის გამწევები არ დაელოდებიან ავტობუსის დაძვრას და შეეცდებიან გადასწრებას, შემოვლას. აქ ვხედავ მე პრობლემას. კარგი იქნებოდა სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საინფორმაციო კამპანია უფრო მეტი ყოფილიყო, თუმცა ახლაც არ არის გვიანი”, – ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი.