საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილონ ისრაელში საარჩევნო უბნების გახსნის “მიზანშეწონილობა”. ამის შესახებ საგარეო ცესკოს წერილს წერს და საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებმაც მათი მტკიცებით, შესაძლოა, არჩევნების დღეს პრობლემები შექმნას.
“2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილია საელჩოს შენობაში საარჩევნო უბნის გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებაზე: არჩევნების დღეს განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, არსებული მკაცრი რეგულაციის თანახმად, აუცილებელი იქნება რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც და საარჩევნო უბნებზე მყოფი სხვა მოქალაქეებიც გადავიდნენ ე.წ. დაცულ ოთახში 90 წამის განმავლობაში. ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანი დარჩება უმეთვალყურეოდ, ამასთან, მოქალაქეთა დიდი ნაკადის პირობებში, პრობლემური იქნება ყველა მოქალაქის სართულის დაცულ ოთახში გადაყვანა. ხოლო სხვა სართულების დაცული ოთახების გამოყენება შეუძლებელი იქნება როგორც დროის სიმცირის გამო, ისე ამ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ შაბათ დღეს (არჩევნების დღე) სხვა სართულებზე შესასვლელი კარებებიც ჩაკეტილი იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ განიხილოთ ისრაელის სახელმწიფოში სახელმწიფო საარჩევნო უბნის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი”- ნათქვამია საგარეოს წერილში.