საგარეო უწყება – გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, ეს თებერვალშია დაგეგმილი – სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზირებას

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში – სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რითაც სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს.
მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. გეგმაში, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას უზრუნველყოფს, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს.
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,“ – განუცხადეს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად