საგარეო უწყებაში დიპლომატებს 9 ნაბიჯის შესრულებაზე თავიანთი ხედვა გააცნეს

დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძირითადად საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არა თავად ელჩები.
როგორც შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა განაცხადა, დიპლომატებს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს თავიანთი ხედვა, თუ რა არის მათი აზრით, 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით პროგრესი.
დიპლომატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენეს საბჭოზე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს.
მისი თქმით, მათ შორის, ისაუბრეს ევროკავშირის ლიდერების იმ განცხადებაზე, რომ ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს.
„[ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს] განსაკუთრებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება.
ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამს 9 ნაბიჯს.
თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა მ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რუსული კანონის მიღებამდე „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთგზის მოუწოდეს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”