საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სამოქმედო გეგმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. გეგმის მიხედვით გაწერილია საქართველო--ის სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზგასმულია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა 2024 წელს საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა იქნება.
„2023 წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიღწევის გზაზე და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც კომიტეტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მინდა, კომიტეტის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ