საგარეო საქმეთა სამინისტრო – მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა – იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შერაზ გასრისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგზე, ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური დიალოგი და მოსაზრებების გაცვლა.
მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.
მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.