საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.
საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.