საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში უკრაინის დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე ელჩებთან შეხვედრა გამართეს, რა დროსაც EU-ის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს “ოფიციალურად გადასცეს ქართული მხარის შეშფოთება”.
“როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.
შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თემაზე დღეს განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში უკრაინის დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე “შეშფოთება” გამოთქვა.
განცხადებაში მთავრობა ადეიშვილს რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებს და წერს, რომ ის “წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”.
მათივე თქმით, EU-სა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ევროპული ბიუროკრატიის მიერ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთგულებაზე აღქმას უთხრის ძირს.