პირადი ელექტრონული მოწყობილობით ინტელექტუალურ საკუთრებას დაქვემდებარებული კონტენტის მოსმენა თუ ნახვა ფასიანია. საფასურს მაგალითად ერთჯერადად მოსმენილი რომელიმე სიმღერისათვის პირდაპირ არავინ მოგთხოვთ თუმცა ჰონორარს ავტორ-შემსრულებლები ერთჯერადი გადასახადიდან იღებენ.
აუდიო/ ვიდეო ტექნიკის და მისი ნაწილების იმპორტი დამატებით პროდუქციის ღირებულების 2%-მდე იბეგრება. 2024 წლის ოქტომბრით დათარიღებული ცვლილებით, გადასახადის ადმინისტრირება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მხრიდან ხდება.
ups-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ გადასახადს იხდიან, თუმცა შესაძლო სამართლებრივი დავის დაწყებისთვის მოკვლევას აწარმოებენ. გიორგი ქოპილაშვილის თქმით, პრობლემა საგარანტიო მიზნით შემოტანილი პროდუქციის დაბეგვრაა, ანუ საქონელი რომლის რეალიზებაც შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს, მაინც იბეგრება. ups-ის მსგავს შემთხვევებთან მიმართებით ავტორიზებულ ასოციაციაში ამბობენ, რომ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და ბიზნესის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პრობლემა მოგვარებადია.
“ჩვენთან არ დაუყენებია მსგავსი პრობლემა და არ გვქონია მსგავსი კონკრეტული ვითარების განხილვა, თუმცა გეტყვით მიდგომა როგორია, ანუ ჩვენ არ გვაქვს საშუალება სრულიად ვაკონტროლოთ პროდუქცია, როდესაც შემოვა თავისუფალ ბაზარზე საქართველოში, იმას რა დაემართა, ამას საგარანტიო მიზანი აქვს და არ გადის ბრუნვაში თუ იყიდება და გადის.
შესაბამისად შემოსვლის დროს ის იბეგრება, ანუ ჰონორარი გადასახდელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ გავა ბაზარზე, თავისუფალ ვაჭრობაში და მაგალითად დაბრუნდება გამომგზავნ ქვეყანაში, მე მოვუწოდებდი კომპანიის წარმომადგენელს, რომ დაგვიკავშირდეს, ეს კონკრეტული საკითხები განვიხილოთ და თუკი შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, რომ პროდუქტმა ქვეყანა დატოვა ანუ უკან დაბრუნდა, ჩვენ, რა თქმა უნდა ამაზე ჰონორარს ან არ გადავახდევინებთ, ან თუკი გადახდილია, მაშინ ვიმსჯელებთ ამ ჰონორარის ან დაბრუნებაზე ან გაქვითვაზე შემდეგი იმპორტიდან. ეს ძალიან სამუშაო და ტექნიკური საკითხია, რომელიც აბსოლუტურად მოგვარებადია კონსტრუქციული კომუნიკაციის შემთხვევაში და მე მოვუწოდებ იმპორტიორებს, რომ ყველა ასეთი საკითხი გაგვიზიარონ, ყოველთვის მზად ვართ, რომ სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ და გადავწყვიტოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი თვითმიზანი არ არის არასაჭირო ან ისეთი ჰონორარის გადახდა, რომელიც არ გვეკუთვნის,”-ამბობს IPOA-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი.
მეორე მხრივ ups-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ IPOA-თან კომუნიკაცია იყო, თუმცა საგარანტიო მიზნით შემოტანილი პროდუქციის გადასახადისგან გათავისუფლებაზე უარი მიიღეს.
“გვქონდა კომუნიკაცია, ამ გადასახადის ადმინისტრირება ძალიან ცუდად დაიწყო, ვგულისხმობ როგორც გადასახადის შემოღებას, ისე იმპორტიორების ინფორმირებას. პირად მეილებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ რაღაც დამატებითი გადასახადის შემოღება მოხდა. შემდეგ უკვე ძველი პერიოდის ინვოისები მივიღეთ, რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ჩვენ არა მარტო ექსპრეს გადაზიდვების ქსელს წარმოვადგენთ, არამედ მძიმე გადაზიდვების ნაწილშიც ვოპერირებთ, ups-ის ავტორიზებული სერვის კომპანიის ოპერატორები ვართ და ამ მძიმე გადაზიდვების ქსელში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ლოგისტიკური მომსახურება. საქართველოშიც უზრუნველყოფთ ამ მომსახურების მიწოდებას. მაგალითად კომპიუტერული ტექნიკის მსხვილი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე თავიანთ პროდუქციას ყიდიან და იმპორტის დროს ასევე იხდიან ამ ჰონორარს, შემდეგ ქმნიან საწყობებს სხვადასხვა ადგილებში და მათ შორის საქართველოში, თუ ამ ტექნიკას რაიმე დაუზიანდა, ისინი ვალდებულებს იღებენ, რომ საგარანტიო მომსახურების ფარგლებში 4 საათის განმავლობაში მოხდეს სათადარიგო ნაწილების მიწოდება.
შესაბამისად, ამ სათადარიგო ნაწილების იმპორტი საქართველოში წინასწარ ხორციელდება ჩვენი კომპანიის საშუალებით. როცა გადასახადზე ვესაუბრეთ ასოციაციას ავუხსენით, რა ტიპის მომსახურება არის და რატომ ვფიქრობთ, რომ დამატებითი გადასახადით დაბეგვრა არ უნდა ეხებოდეს სათადარიგო ნაწილებს. ოფიციალური პასუხი მივიღეთ მათი იურისტისგან, ქეთევან ხმიადაშვილისგან. ჩვენ გვაქვს ოფიციალური წერილიც, სადაც პირდაპირ წერია, რომ ის რომ საგარანტიო მიზნით ეს მოწყობილობები შემოდის საქართველოში, ეს არ გვათავავისუფლებს გადასახადისგან. იქ კომუნიკაციაში არ ყოფილა არანაირი აღნიშვნა, რომ წარმოგვიდგინეთ დოკუმენტაცია ან ოფიციალური წერილი მწარმოებლებისგან რომ ეს საქონელი შემოდის მხოლოდ საგარანტიო მიზნით და მას პირდაპირ აკრძალვა აქვს რომ სარეალიზაციოდ ბაზარზე მოხვდეს,”-ამბობს ups-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.
