საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+ აზერბაიჯანში საქმიანობას აჩერებს

აზერბაიჯანის Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, პარვიზ ბაგიროვმა განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა ღონისძიება ფაქტობრივად, არაოფიციალურად შეჩერებულია.
” შექმნილი სიტუაციის გამო, Erasmus+ ეროვნული ოფისი მალე დაიხურება. ამან შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს პროგრამის მომავალ შესრულებაზე და ხელს შეუშალოს Erasmus+ პროექტების მდგრადობას ჩვენს ქვეყანაში“, – დაწერა ბაგიროვმა თავის Facebook გვერდზე.
როგორც ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში რეალიზებული იყო ასობით პროექტი, ხოლო ათასობით სტუდენტმა და მასწავლებელმა გაიარა სწავლება ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
ბაგიროვის თქმით, ფაქტობრივად შეჩერებულია 27 პროექტი:
„პროექტების საერთო ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ მანათს, და მათი განხორციელების შეჩერება სერიოზულად იმოქმედებს აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სექტორზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე“.
მისი თქმით, Erasmus+ პროექტებში მონაწილეობს 32 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი აზერბაიჯანში:
„მათ მიერ ევროპულ უნივერსიტეტებთან დამყარებული აკადემიური თანამშრომლობა ფორმირებული იყო ამ პროექტების მეშვეობით, და ამ პროცესის შეჩერებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ საერთაშორისო საქმიანობას“.
დაახლოებით 5000 აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობდა ევროპაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.