„საგანგაშოა განსაკუთრებით ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც 20%-ითაა გაზრდილი“ – ეკა ლალიაშვილი

“მიმდინარე წლის ექვს თვეში, იანვარ-ივნისში 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა, 3 816 პირი დაშავდა და 216 დაიღუპა”- ამის შესახებ, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლალიაშვილმა საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით ლეტალობის მაჩვენებელია საგანგაშო, რომელიც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი.
“მიმდინარე წლის ექვს თვეში, იანვარ-ივნისში 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა, 3 816 პირი დაშავდა და 216 დაიღუპა. ეს მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საგანგაშოა განსაკუთრებით ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც 20%-ითაა გაზრდილი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მოთმინების დრო არ არის, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენს თვალწინ მოქალაქეები იღუპებიან.
ამის პრევენცია შესაძლებელია. მოგეხსენებათ, შარშან ფინეთმა ნულოვანი ლეტალობა მოახერხა, ანუ მთელი წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევებში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა, რაც ძალიან დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ჰელსინკისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა, რომ ნულოვანი ხედვა გამართლებულია. ჩვენ, საქართველომ, შეიძლება, ეს ერთ წელიწადში ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ყოველწლიურად საგზაო შემთხვევებში დაღუპვა და მძიმე დაშავება, შეგვიძლია, მკაფიოდ შევამციროთ. ფინეთში ეს შემთხვევით არ მომხდარა. მათ უსაფრთხო სისტემის მოდელი აქვთ, რაც გულისხმობს ყველა მიმართულებას – ინფრასტრუქტურულს, სატრანსპორტოს, ადამიანის ცნობიერებას, მის ქცევას, კანონმდებლობას და მის აღსრულებას, საგზაო შემთხვევის შემდეგ მკურნალობას, პირველად სამედიცინო დახმარებას. ეს ყველაფერი ისეა დარეგულირებული , რომ ადამიანური შეცდომები, რომლებიც აღიარებულია, რომ დიახ, გზებზე ხდება და მოხდება, ასე ვთქვათ, მიტევებული იყოს. ეს საერთაშორისო ტერმინია – გზები, რომლებიც ადამიანებს თავიანთ შეცდომებს მიუტევებს. უსაფრთხო სისტემის მიდგომა სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება, ამიტომ, სახელმწიფოს როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც საზოგადოების”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, წლებია სიჩქარის გადაჭარბება წამყვანი დარღვევაა, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს.
“პირველ რიგში, სიჩქარის ლიმიტები ქალაქის გზებზეა გადასახედი, იმიტომ, რომ თქვენ იცით, საშუალო სიჩქარე გვაქვს 60 კმ/სთ და 15 კმ/სთ-ის ტოლერანტული ზღვარი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ მაღალი გამოდის. სასკოლო ზონებია მნიშვნელოვანი, რათა ბავშვები ამ გარემოში დაცულები იყვნენ. ქულათა სისტემის აღსრულება უნდა მოხდეს, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულების ჩამოკლება უნდა იყოს, არა საპატრულოს მიერ, არამედ კამერების მეშვეობით.
სიჩქარის გადაჭარბებას უნდა მივხედოთ და ამ დარღვევის პრევენცია გავაკეთოთ, რადგან წლებია ეს წამყვანი დარღვევაა, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დროულად გაკეთდეს, დროს მნიშვნელობა აქვს”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, სტატისტიკაში, რომელიც დღეს გროვდება მხოლოდ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევებია ფიქსირებული: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება და სხვა. როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც იმ შემთხვევებზეც გვეტყვის, რომელიც ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო, ან ტრანსპორტის გაუმართაობის გამო მოხდა.
“საქართველოს ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ვალდებულება და მიზანი აქვს, რომ 2025 წლისთვის მძიმე შედეგები 25%-ით შეამციროს, ხოლო 2030 წლისთვის მთლიანობაში 50%-ით, რაც 2020 წლის მონაცემებს უნდა შევადაროთ. ეს გაერო-ს მოქმედების დეკადაა, რომლის მიზანია, 10 წლის განმავლობაში ლეტალობა და მძიმე დაზიანება 50%-ით შემცირდეს. საქართველოც ამის ნაწილია. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ შემცირების ნაცვლად, თვალსა და ხელს შუა ვხედავთ, რომ მძიმე შემთხვევები იზრდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკაში, რომელიც დღეს გროვდება მხოლოდ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევებია ფიქსირებული. ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება და სხვა. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია. ჩვენ უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც იმ შემთხვევებზეც გვეტყვის, რომელიც ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო, ან ტრანსპორტის გაუმართაობის გამო მოხდა,ან ეს კომბინირებული შემთხვევები იყო. ჩვენ მთლიანი სურათი უნდა გვქონდეს და არა მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებული. როდესაც მთლიანი მიზეზები იქნება წარმოდგენილი, სახელმწიფოს უფრო გაუადვილდება, შავ წერტილებს მიზანმიმართულად ებრძოლოს, ის რეფორმები გაატაროს, რომელიც საგზაო შემთხვევების შემცირებას ხელს უწყობს. ყველა გატარებული რეფორმა შედეგებთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ჯარიმის გაზრდას, ან სხვა საკანონმდებლო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ შედეგი არ მოგვიტანა. ქვეყანაში ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარებულა, როგორც კი ძალაში შევიდა, წლის განმავლობაში მათ შედეგი ჰქონიათ, იგივე როგორც ქულათა სისტემას. ეს 2017 წელს იყო და მძიმე შედეგები 12-15%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ საკითხში პროგრესს მივაღწიოთ. უბრალოდ, როდესაც შევხედავთ, რომ რეფორმას რაღაც ხარვეზები აქვს, დროულად უნდა აღმოვფხვრათ. აი ეს გვაკლია – მიზანმიმართული მოქმედება და ჩვენი ეროვნული გეგმის განხორციელება”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
წყარო: kvira.ge