საგამოძიებო სამსახურმა POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
ინციდენტი მოხდა სამეგრელოში, ვიტალი გეგუჩიას სახლთან, რომლის მაღაზიიდანაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 28 მაისს მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა.
31 მაისს, სამეგრელოში მომხდარი ფაქტის ვიდეოს მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი, მირანდა ჯობავა ფეისბუქზე ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ მათ სახლთან მისული ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუტიას ეუბნება: “[…] ხელის ბიჭი ხარ”, – რაზეც გუგუტია პასუხობს: “რუსების პრობლემა იცი რა არის? საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ” , – შემდეგ კი ბერიძესთან საუბარს უცენზურო სიტყვებით აგრძელებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, POSTV-ის ოპერატორი ვიტალი გეგუჩიას მიმართავს: “მოდი აქ”, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. მომხდარს ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვები შეესწრნენ.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში გეგუჩიას ჰყვება, რომ ნათია ბერიძეს მასთან კითხები არ ჰქონდა, არამედ მისული იყო ბრალდებებით და პროვოკაციებით.
“მოსვლისთანავე არანაირი კითხვები ჩემთვის არ დაუსვამთ, მითხრეს, რომ მე ვიყავი მეგის ქარდავას ხელის ბიჭი, მე ვიყავი მათი მწამებელი, ის ვინც საქმეებს კერავდა… საკმაოდ უწმაწურად ვპასუხობდი მსგავს სიბინძურეზე… მას შემდეგ, რაც ისინი დედაჩემსაც დაუპირისპირდნენ, უთხრეს, ასეთი უზრდელი შვილი გაზარდეო, ეს ბავშვების თვალწინ ხდებოდა, უხეშად ვუთხარი ნათია ბერიძეს, წადით მეთქი, ხელით ვანიშნე ოპერატორსაც, რომელიც ადგა და ძველბიჭურად წამოვიდა, ჩემს საკუთრებაში, ჩემკენ გამოიწია”, – ამბობს გეგუჩია.
28 მაისს დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთი მაღაზიის დახლიდან აღებული ფორთოხალი ესროლა მოქალაქეს, რომელიც მას ქუჩაში უცენზურო შეძახილებით დახვდა “აგენტების კანონის” მიღების გამო.
მომდევნო დღეს უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: “ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით”.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი