საგამოძიებო სამსახური პრეზიდენტის მიერ კოკა კაციტაძის დაბარებაზე – დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უწყების ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის დაბარების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, „სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის ნოემბერ/დეკემბრის თვეში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება.
გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“, – განაცხადეს სამსახურში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს.
როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.
ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა