საგამოძიებო სამსახური ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელიც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგამოძიებოს თქმით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 მოქალაქე, მათ შორის 49 ჟურნალისტი და აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
“მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა.
დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა. ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.