საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ყოფნის გარემოება „სერიოზულ კითხვას აჩენს ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის საღამოს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის ყოფნა სერიოზულ კითხვას აჩენს მოცემული ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობის პროცესში უცხო ქვეყნის ელჩის შენობაში ყოფნა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება.
„საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის საღამოს საათებში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობაში გადავიდა. მან ნახა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სამუშაო სივრცე დეპუტატ ს კაბინეტში ჰქონდა მოწყობილი და იქიდან მართავდა აქციის დაშლის პროცესს. იმავე კაბინეტში იჯდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ კნირში. გიორგი ჭოლაძის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო ქვეყნის ელჩი ღამით პარლამენტის შენობის იმ ოთახში, სადაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ „რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო“. გარდა იმისა, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობის პროცესში უცხო ქვეყნის ელჩის შენობაში ყოფნა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება, აღნიშნული გარემოება სერიოზულ კითხვას აჩენს მოცემული ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის წინაშე ხელმეორედ გამოკითხულმა გიორგი გახარიამ მასთან ერთად ოთახში ელჩის ყოფნის ფაქტი კვლავ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ „მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შემოიყვანა ბატონი ელჩი პარლამენტის შენობაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.