როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2019 წელს – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა , – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია მის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერს.
დასკვნის თანახმად, “ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წლის ივლისამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არა ერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.
კომისიის შეფასებით, ასევე ყურადღებას საჭიროებს დავით ქაცარავას (“ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც, მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო).
“2019 წლის 24 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს აღმართვა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ 14:42 საათზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა ე.კ.-ევმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ცხელი ხაზით“ შეატყობინა და აღნიშნა, რომ “ტალკის ქარხნის“ მიმდებარედ აღმართული იყო ქართული დროშა, მიმდინარეობდა გზის გაყვანა და ადგილზე მობილიზირებულნი იყვნენ შეიარაღებული პირები.
მოწოდებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა
სამინისტროში გადაამოწმა, რის შემდეგაც “ცხელი ხაზი“ გაააქტიურა და მეორე მხარეს 15:00 საათზე აცნობა, რომ ქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდებოდა.
2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა“, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ საკითხს უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უთანხმებდა თუმცა, ვერ გაიხსენა, ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის თემა რა ფორმატით შეათანხმა.
აღნიშნული უარყო საგამოძიბო კომისიის მიერ გამოკითხულმა გიორგი ჭოლაძემ, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელის პოზიციას და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი საგუშაგოს მოწყობის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
საგამოძიებო კომისიამ 2025 წლის 1 ივლისს გიორგი გახარიას წერილობით მოსთხოვა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა მისი მხრიდან, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმირებას, თუმცა მას რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის შემდეგ, 29 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება და მსგავსი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაზიარება. მან უკმაყოფილება გამოხატა საგუშაგოზე საცეცხლე წერტილების არსებობასთან დაკავშირებით. ამავე შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ულტიმატუმის სახით მოითხოვეს აღმართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება საგუშაგოს არ გააუქმებდა, ისინი კანონიერ ზომას გამოიყენებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამავე შეხვედრაზე გამოცხადებული შესვენების დროს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, რუდოლფ მიხალკამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს კატეგორიულად მოსთხოვეს საგუშაგოს მშენებლობის შეჩერება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრალურ ხელისუფლებას საგუშაგოს დასაშლელად ვადა 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მისცეს. 30 აგვისტოს ადგილზე ჩასულმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ “ბლოკპოსტი ასრულებს იმ მისიას, რომ ადგილზე მაქსიმალური უსაფრთხოება იქნეს ყველასთვის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის“.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მან იხელმძღვანელა „დასწრების პრინციპით“ და მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს აღმართვის თაობაზე, ვინაიდან არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებს მომზადებული ჰქონდათ ყველაფერი სოფლის მიმდებარედ არსებული ტყის მასივის ტერიტორიაზე ბორდერიზაციისთვის, ვინაიდან ტყეში ხეებზე გაჩნდა საღებავით მონიშვნები და „მოსახლეობას აკავებდნენ“. თუმცა, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გამოირკვა, რომ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების არცერთი ფაქტი არ ყოფილა.
გარდა ამისა, როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოირკვა, საგუშაგოს აღმართვამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული სახის კონსულტაციები ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა, ეს უკანასკნელი საგუშაგოს მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და საოკუპაციო ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციული ქმედებების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევდა, საგუშაგოს აღმართვის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ რეგულარული პატრულირების განხორციელებას.
აღმართული საგუშაგოს საპასუხოდ, საოკუპაციო ძალებმა იმავე წლის სექტემბრიდან დაიწყეს სოფელ ჩორჩანის გარშემო არსებულ ტყეში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან თითქმის კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში გზების შემოყვანა, საგუშაგოებისა და სამხრეთ ოსეთის დროშების აღმართვა. გათხარეს 2 კმ.-მდე ტრანშეები, 1 კილომეტრზე მეტ მანძილზე ჩაარჭვეს მწვანე ბოძები და დაიწყეს მავთულხლართების გავლება.
შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა 100 ჰექტარამდე ტყე და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მანამდე კონტროლირებად ტერიტორიაზე 5 ახალი რუსული საგუშაგო აღიმართა.
გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ საოკუპაციო ხაზი არ შეცვლილა და სოფელ ჩორჩანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ტყის მასივით ბევრად უფრო „ეფექტურად“ სარგებლობს, ვიდრე საგუშაგოს აღმართვამდე. უფრო მეტიც, მან 2024 წლის 15 ოქტომბერს ინგა გრიგოლიასთან, გადაცემა „რეაქციაში“ თქვა – „ჩორჩანა არის ისტორია და ქეისი, რომლითაც მე ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.“
გიორგი გახარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულმა, სოფელ ჩორჩანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის მანძილზე მდებარე სოფელ წაღვლში მცხოვრებმა ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ საგუშაგოს აღმართვიდან მალევე მოსახლეობა ვეღარ შედიოდა იმ ტყეში, სადაც მანამდე, სამშენებლო მიზნით, კარიერული წესით ინერტულ მასალებს მოიპოვებდნენ, პირუტყვიც დაჰყავდათ, შეშა და ჯონჯოლიც კი გამოჰქონდათ. მანვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ საპასუხოდ მოწყობილი საგუშაგოები შემაღლებულ ადგილებზე მდებარეობს და, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორიები კონტროლდება, რაც ადრე ასე არ იყო. საგამოძიებო კომისიის მხრიდან დასმულ კითხვაზე, საგუშაგოს ჩადგმამდე, ხომ არ შეუმჩნევია ტყეში ხეებზე საღებავით გაკეთებული ნიშნულები ან რაიმე სხვა ნიშანი იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიაზე ბორდერიზაციას ამზადებდა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ მას არ შეუმჩნევია.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ მოწვეულმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი მცხოვრების, ელგუჯა ხარაზიშვილის მიერ მოწოდებული ფაქტობრივი გარემოებების საპირწონე ინფორმაცია ვერ წარმოადგინდა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.
გარდა აღნიშნულისა, საგამოძიებო კომისიას მომართა შპს „სერპანტინიტის“ დირექტორმა, ზვიად გუჩმაზაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2015 წელს სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საღორღე მასალის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 5 წლის ვადით შეიძინა. თავისივე ფინანსებით გააკეთა კარიერამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე ამუშავებდა კარიერს. 2019 წლის აგვისტოში, საგუშაგოს მოწყობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარიერთან ტექნიკის გადაადგილება უნდა შეთანხმებულიყო სამინისტროში. შედეგად, მას შეეზღუდა საქმიანობა და კარიერზე სამუშაოები შეჩერდა. მას შემდეგ, იგი ყოველწლიურად ითხოვს ლიცენზიის ვადის გაგრძელებას, თუმცა უშედეგოდ. ზვიად გუჩმაზაშვილმა განცხადებაში, ასევე, მიუთითა, რომ 2019 წლის ივლისში სახელმწიფოს მიერ სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწყობისას, ტენდერში გამარჯვებული კოპანია შპს „ელისი“ საღორღე მასალას მისი კარიერიდან ეზიდებოდა. იმ დროს, როდესაც შპს „ელისის“ კუთვნილი ტექნიკა იყო კარიერში შესული, მოძრაობამ „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (ხელმძღვანელი – დავით ქაცარავა), რომელიც აღნიშნულ არეალში 2017 წლიდან აქტიურობდა, დრონით გადაიღო კადრები და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს კარიერში რუსული მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გარდა ამისა, როგორც განმცხადებელი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩორჩანის ტყეში ხეებზე საღებავით მონიშვნებს თავად აღნიშნული მოძრაობა აკეთებდა.
2019 წლის 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩორჩანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებს. ასევე, ხაზი გაესვა საკითხების მაღალი დონის დიპლომატიურ ფორმატში განხილვისა და ევროკავშირის დედაქალაქებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას“, – ვკითხულობთ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
