საგამოძიებო: დანაშაულებრივი ჯგუფი უკანონოდ დაეუფლა ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000-მდე თანხას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების დაუფლებისა და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ რალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.
“აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი.
გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 დოლარის ოდენობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძოებოს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.