სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
“30 აპრილსა და 1-ელ მაისს, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით”. – წერია საგამოძიებოს განცხადებაში.
საგამოძიებოს ცნობით, ისინი მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებენ. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე ტარდება.
შსს-ს განცხადებით, 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 63 პირი დააკავა, ექვსი პოლიციელი კი დაშავდა.
30 აპრილის საღამოს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 7 საათზე დაიწყო. მომიტინგეების ნაწილს სურდა ჩიტაძის ქუჩაზე სირცხვილის დერეფანი გაეკეთებინათ იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს და ამჯერად მეორე მოსმენაზე იმყოფეობდნენ. ასევე, ხალხის ნაწილმა მარშით მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყო სვლა, სადაც პოლიციამ სულხან-საბას ქუჩა გადაკეტა. პარალელურად, რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანეს ჩიტაძის ქუჩასა და თავისუფლების მოედანზე.