„ქართულ ოცნებას“ ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათები შემოაქვს. ქართველი სტარტაპერები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ. მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ გასულ წელს განსაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში. ეს მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები.
ქართული სტარტაპების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს რეგიონის ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებაში საგადასახადო შეღავათების ინიციატივა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის და მნიშვნელოვნად წაახალისებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა სხვადასხვა ინიციატივებიც, თუნდაც რეგულაციების გამარტივება იმისთვის, რომ კერძო ინიციატივები წახალისდეს.
„ჩვენი ხედვაა, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონის ინოვაციურ ჰაბად, შესაბამისად ეს ინიციატივა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის და მნიშვნელოვნად წაახალისებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ახალი სტარტაპების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინებას. იმისათვის, რომ ამ ინიციატივამ იმუშაოს და რეალური შედეგები მოიტანოს მთლიანობაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა მნიშვნელოვანი, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის ეს არის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, კვლევის და ინოვაციის წახალისება და სტიმულირება, მენტორშიფის პროგრამების გაჩენა და ა.შ ცალსახად კარგი ინიციატივაა. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობაზე, მაშინ როცა ჩავატარეთ სტარტაპ ეკოსისტემის საჭიროებების კვლევა, კარგია და მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში.
იმისათვის, რომ ამ ინიციატივას ჰქონდეს რეალური შედეგი, დამატებით კიდევ საჭიროა სხვადასხვა ინიციატივების ერთგვარი პაკეტის შემუშავება, თუნდაც რეგულაციების გამარტივება იმისთვის, რომ კერძო ინიციატივები წახალისდეს. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა მექანიზმი. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ კერძო ინიციატივები მაქსიმალურად თამამად წამოვიდეს”,- აცხადებს ნანა ცერცვაძე.
რა ტიპის ცვლილებები შეაქვს ეკონომიკის სამინისტროს “ინოვაციების შესახებ” კანონში და რა საგადასახადო შეღავათები იქნება გათვალისწინებული სტარტაპებისთვის “საგადასახადო კოდექსში” კონკრეტულად ჯერ უცნობია. “ქართული ოცნების” მესვეურებმა წინა წელს დაანონსეს, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადები. მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებს კი შეეძლება კვლევებსა და განვითარებაში დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და დანახარჯების 30% გრანტის სახით დაიბრუნონ.
