საქართველოში პანდემიის შემდგომ პერიოდში ფიტნეს-მომსახურების ბაზარი გაორმაგდა. ინდუსტრია ზრდას ამჯერადაც განაგრძობს, თუმცა როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, გადასახადების ზრდა სფეროს მასობრივ ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის მსგავსად, მათზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა მოქმედებდეს, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ დაავადებების პრევენცია, რაც მომავალში ჯანდაცვის ხარჯების შემცირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. საუბარია დღგ-სა და მაღალ კომუნალურ გადასახადებზე, რომელსაც წლიდან წლამდე გაზრდილი იჯარა და ხელფასები ემატება.
როგორც „ოქტოპუს ფიტნესკლუბის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი აცხადებს, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2% ვარჯიშობს, რაც ევროპულ მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამოუვარდება.
„პანდემიამდე დასავლეთში ფიტნესის ინდუსტრიის ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ს შეადგენდა. ჩვენს რეგიონში ასეთი ტემპი არ შეინიშნება, თუმცა ფიტნესზე და ველნესზე მოთხოვნა მაღალია. პანდემიამ ადამიანებში მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ — აქ იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობაც.
ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს აქვთ გარკვეული საგადასახადო შეღავათები, მათ შორის დღგ-ს და კომუნალურების მიმართულებითაც. საქართველოში მსგავსი შეღავათები არ არსებობს და არც სამომავლო გეგმებში ჩანს, რაც პირდაპირ აისახება ფასთა ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, ფასები ჩვენს ბაზარზე შედარებით მაღალია — რაც პროპორციულია იმ ხარჯებთან, რაც ამ ინდუსტრიას აქვს.
როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ექსპატების რაოდენობა იზრდება, და მათი დაინტერესებაც ფიტნესისა და ველნესის მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია. ბათუმშიც გვაქვს ფილიალი, სადაც მომხმარებელთა დიდი პროცენტი სწორედ ექსპატებზე მოდის.
მომავალ წელს „ოქტოპუსი“ 10 წლის ხდება. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ პრემიუმ ლიდერის პოზიცია და ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც მომავალ წელს ვგეგმავთ, არის ახალი კლუბისა და ველნეს ცენტრის გახსნა “ბიოგრაფი ლივინგის” სივრცეში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 25-მეტრიანი აუზის, თანამედროვე სპა ცენტრის და ინოვაციური სერვისების გახსნა. ცენტრი განთავსდება 2,500 კვადრატულ მეტრზე და სრულიად ახალი ტიპის ფიტნეს-ველნეს სივრცე იქნება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგულარულად მხოლოდ 2% ვარჯიშობს, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 15%-ს აღწევს. იმედია, მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.“ – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი ასათიანმა.
bm.ge
