“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“ოცნებამ” მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“
„ქართული ოცნება“ განცხადებას „18 ევროპელი ჩინოვნიკის“ დაწერილად მოიხსენიებს და გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებს „ხელისუფლების დამხობის მცდელობად“ და „მომიტინგეების ბრუტალურ ძალადობად“ აფასებს.
„როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ტექსტში არაერთხელაა ნახსენები „დიპ სტეიტი“. „ქართული ოცნება“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს სწორედ „დიპ სტეიტმა“ დააშორა.
„ბრექსიტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.
ფორუმი
