ავტორი: გვანცა ჯობავა, გამომცემელი
და აი, დადგა ეს დღეც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და სასკოლო სახელმძღვანელოების ნაციონალიზაციასაც მოვესწარით!
განა მიკვირს, 2013 წლიდან მიზანში ჰქონდა “ოცნების” ხელისუფლებას სასკოლო სახელმძღვანელოები ამოღებული და წლებია საკუთარი ჯანმრთელობის, ნერვების, გამძლეობის, მოთმინების, ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ვაკავებდით გამომცემლები და სახელმძღვანელოების ავტორები ქვეყნისთვის ამ ძალიან საშიშ პროცესს.
დღეს კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი სახელმძღვანელო თითოეულ საგანში, რომელიც სამინისტროს განკარგულებითა და კონტროლით შეიქმნება, როგორც განათლების რეფორმა, ისე გაფორმდა. სინამდვილეში კი ეს არაფერია, თუ არა საბჭოთა წარსულში დაბრუნება, იმ დროში, როდესაც საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელო რეჟიმისთვის კონტროლის, ტვინის გამორეცხვის, იდეოლოგიის გავრცელებისა და ახალი თაობის საკუთარ ჭკუაზე აღზრდის ეფექტიანი საშუალება გახლდათ.
ბოიკოტში მყოფ გამომცემლებს სხვადასხვა გზით, პროპაგანდისტული მედიებიდანაც გვაძახებდნენ ბოლო დროს, ბოიკოტში თუ ხართ, სახელმძღვანელოებზე რატომ არ ამბობთ უარსო. აშკარა იყო, უნდოდათ ჩვენით გვეთქვა უარი და ამ ნაწილშიც ბოიკოტი გამოგვეცხადებინა. ასევე მუდმივად აპელირებდნენ ჩვენს ფინანსურ ინტერესებზე, რათა ამით მაქსიმალურად დაეჩრდილათ ამ საქმის ეროვნული დატვირთვა.
რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ განათლების სამინისტროსთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ნაციონალიზაციისთვის ველის მოსუფთავება ჩემთვის პირადად ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასი გახლდათ, იმიტომ რომ სასკოლო სახელმძღვანელოების თავისუფალი ბაზარი, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს ანალოგიურად, ალტერნატიული სახელმძღვანელოების შექმნასა და სკოლის თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, რაც ერთადერთი გზაა თავისუფალი მოქალაქის აღსაზრდელად, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გახლდათ.
უმძიმეს 90-იან წლებში რამდენიმე ენთუზიასტმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ამ კუთხით შეეტანა წვლილი, სამუდამოდ დაევიწყებინა ქართველი მოსწავლისთვის იდეოლოგიზებული საბჭოთა სახელმძღვანელო. მათ რიგებში იყო კახმეგ კუდავაც, გამომცემლობა “ინტელექტის” დამფუძნებელი, რომელსაც დღეს ძალიან დიდი სიამაყით წარმოვადგენ და რამდენიმე სხვა არაჩვეულებრივი გამომცემელი.
ვიცი, რომ იყო კრიტიკა სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ, ბევრი რამ კი, გამოსასწორებელი. ამას არასდროს გავურბოდით, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ 2013 წლიდან არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ თავისუფალ გარემოში მხოლოდ კონკურენციასა და ხარისხზე გვეზრუნა, ათ წელიწადზე მეტია ყოველდღიურად ვიბრძოდით, ფაქტობრივად, სულს ვუბერავდით, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების თავისუფალი ბაზარი გადაგვერჩინა. თავისუფალი ბაზრის არსებობა ერთადერთი აღიარებული გზაა თავისუფალ სამყაროში ამ სფეროს განვითარებისთვის, უკეთესი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის შესაძლებლობის გასაჩენად, რომ სკოლას/მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანი, რა მეთოდით, რომელი წიგნით სურს მოსწავლეს ასწავლოს ესა თუ ის საგანი და რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა, რათა სასკოლო სახელმძღვანელო არ იქცეს პროპაგანდის იარაღად.
დღეს ეს მონაპოვარი ერთი ხელის მოსმით დაანგრია და ქარს გაატანა რუსულმა რეჟიმმა!
იმიტომ რომ ვინ თუ არა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს რუსეთის კლანჭებს დაუქვემდებაროს ჩვენი ქვეყანა და აგერ უმძიმესი, სავარაუდოდ, აკრძალული მომწამლავი გაზის გამოყენებაც კი არ ეთაკილება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ თავისი მიზნების მისაღწევად, რა გასაკვირია, რომ უნდა, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად დაიქვემდებაროს სკოლა და არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მისი სრული კონტროლის ქვეშ იყოს მოსწავლის ტვინი, რათა მაქსიმალურად შეუზღუდოს თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, ველოდით, რადგან ასე იქცევიან ავტოკრატიული სახელმწიფოები, და თუ რამ მომეკითხება ამ სფეროში, ცივილიზებული სამყაროს გამომცემლები პირდაპირი მნიშვნელობით, გლოვით ხვდებიან თითოეულ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, რომელსაც უჩნდება ვნება ხელში ჩაიგდოს სახელმძღვანელოებზე სრული კონტროლი, შესაბამისად, ხელში ჩაიგდოს სკოლა, ხელში ჩაიგდოს ბავშვი და ის ასწავლოს და ისე ასწავლოს, როგორც მოეპრიანება.
სულ ახლახან ასეთი ქვეყნების რიგებს შეუერთდა მექსიკა. ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც თბილისში ჩემს თანამებრძოლებს სასტიკად არბევდნენ, მე გვადალახარაში, მექსიკელ კოლეგასთან ერთად, გამომცემელთა მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთ პანელ დისკუსიაში ვიღებდი მონაწილეობას, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების თემას შეეხებოდა. ჩემი მექსიკელი კოლეგა სინანულით ჰყვებოდა, როგორ გაანადგურა მისმა სახელმწიფომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი და როგორ დაუქვემდებარა თავის ნებას, მე ვსაუბრობდი იმაზე, რა ხდებოდა იმ წუთებში თბილისის ქუჩებში, რა ბრძოლა გამოიარეს ქართველმა გამომცემლებმა სასკოლო სახელმძღვანელოების გადასარჩენად და იმედს გამოვთქვამდი, რომ შევძლებდით მის ბოლომდე დაცვას.
ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან. შემდეგი საქართველო აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ისევ სახეში ნაცარი შეაყარა მოსახლეობას და ე.წ. რეფორმაზე სიამაყით ისაუბრა.
ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო ძირს დასწევს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას ცივილიზებულ სამყაროში.
ვიცი, რომ შესაძლოა არ არის მარტივად გასაგები თემა, ცოტა ჩაღრმავებასაც მოითხოვს, მაგრამ ძალიან მინდა თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, ამ ე.წ. რეფორმამ რამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ქართველი ბავშვები, რომელთაც რუსული რეჟიმი რუსული მეთოდებით აღზრდას უპირებს.
კონტექსტი: “ქართული ოცნება” აპირებს სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების არსებული წესი შეცვალოს, პროცესს ჩამოაცილოს დამოუკიდებელი გამომცემლობები და წიგნები თავად დაწეროს დაქირავებული ავტორების დახმარებით.
შენიშვნა: კომენტარების ფორმატით გამოქვეყნებული მასალები/წერილები ასახავს ავტორის მოსაზრებებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.




