„საბურთალო დაიგეგმა ისე, რომ 1 ჰექტარზე 250 ადამიანს ეცხოვრა, 2019 წელს კი უკვე 2-ჯერ მეტი ცხოვრობდა“ – ურბანისტი

„საბურთალო აშენდა სტანდარტით, რომლის მიხედვითაც 1 ჰექტარზე 250 ადამიანს უნდა ეცხოვრა, მაგრამ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად იქ უკვე ამაზე 2-ჯერ მეტი მოსახლე იყო“ – ამის შესახებ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს სტანდარტი, რომლითაც ქალაქების უბნების მშენებლობა გეგმარდება და ის ყველა ქვეყნისთვის თითქმის ერთნაირია.
„მაგალითად, საბურთალო არის ერთ-ერთი უბანი, რომელიც თავის დროზე, დაგეგმილი იყო, მისი პროექტი გაკეთდა და ისე აშენდა. გეგმაში არსებობდა გათვლა, თუ რამდენმა ადამიანმა შეიძლება იცხოვროს 1 ჰექტარზე. საბჭოთა კავშირის დროს მიღებული სტანდარტით, 1 ჰექტარზე შესაძლებელი იყო ეცხოვრა 250-300 ადამიანს. რასთანაც ძალიან ახლოს არის ევროპული ქვეყნების უმრავლესობის სტანდარტი, რადგან ადამიანს ყველგან ერთი და იმავე რაოდენობის გამწვანება სჭირდება, ასევე ერთი და იმავე მანძილის გზა და ა.შ. ამიტომ საბურთალო დააგეგმარეს ამ სტანდარტით. 2019 წელს კი, როდესაც გაკეთდა გენგეგმა, გამოჩნდა, რომ საბურთალოზე თითქმის 2-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე ნორმით არის დაშვებული“,- განმარტა ირაკლი მურღულიამ.
როგორც მან აღნიშნა, საბურთალოზე მოსახლეობის სიმჭიდროვე განპირობებულია იმით, რომ საცხოვრებელი ბინები რეკრეაციული და სოციალური მომსახურების ობიექტებისთვის განკუთვნილ სივრცეებში აშენდა.
„ეს გამოწვეულია იმით, რომ პირობითად, ამ 1 ჰექტარიდან დაახლოებით 1/3 უნდა იყოს საცხოვრებელი, 1/3 უნდა იყოს საზოგადოებრივი სივრცეები და 1/3 საზოგადოებრივი და სოციალური მომსახურების ობიექტები. რეალურად მოხდა ისე, რომ საცხოვრებელი რაც იყო, დარჩა და სადღაც გამწვანების მაგივრად ააშენეს ბინები, სადღაც მაგალითად საავადმყოფოს ნაცვლად.
შესაბამისად, გამოვიდა, რომ რეკრეაციული და სოციალური მომსახურების სივრცეები საერთოდ აღარ არის და ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ამით უნდა ესარგებლათ, 2-ჯერ გაიზარდა. მაგალითად სკოლა, კომუნიკაციები და ა.შ., რაც გათვლილი იყო 250 ადამიანზე, ორმაგი რაოდენობის ადამიანებისთვის აღარ იყო საკმარისი.
თუმცა, ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ჰაერი. 3 წლის წინ ჩატარებული კვლევით, თბილისში ჰაერში მტვრის ნაწილაკების ოდენობა 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ნორმით არის დაშვებული“,- განაცხადა ირაკლი მურღულიამ.
„ბიზნესპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ