საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე რაუნდზე ოთხივე ქართული გუნდი ასპარეზობს და არსებობს იმედი, რომ შემდეგ ეტაპზე ერთი მაინც გავა. ეს მატჩები ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან როგორც უეფას მიერ შედგენილ რეიტინგში, ასევე თამაშის დონის მხრივ ქართულ გუნდები უკან მიდიან და ამ თამაშებში შესაძლო გამარჯვებებმა იქნებ, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოაჩინოს.
ლევადია 1-0 იბერია 1999 – დაბალი, იბერია…
ესტონეთში გამართული თამაში, ცხადია, მაღალი დონით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება დატოვა, რომ, ალბათ, სტადიონზე მყოფ გულშემატკივარსაც კარგა ხანს კარში ზუსტად მიმავალი ბურთის ხილვა სანატრელი გაუხდა…
ორივე ტაიმში მეტწილად, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ესტონელებს ჰქონდათ, მაგრამ დარტყმამდე საქმე ხშირად არ მიჰყავდათ. როცა მიჰყავდათ, იქაც ვერ ივარგეს, თუმცა თამაშის სხვა კომპონენტებში, დაცვითის გარდა, „იბერიაზე“ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
„იბერია 1999“ კი თავიდანვე უკანა ხაზში დადგა და შეტევებს ელოდა, რომლის კორიანტელიც მიიღეს. პირველ 10 წუთში ლუკა სილაგაძე ჯარიმიდან გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ცოტა დააკლდა. ამის შემდეგ კი ლამის ასპროცენტიანი მომენტების გაცუდება ვიხილეთ: მე-19 წუთზე ზემოთხსენებულმა სილაგაძემ ერთი-ერთზე ბურთი სიჩქარეში იქ დაარტყა, სადაც მეტოქის მეკარე იდგა. აქედან ათ წუთში იური ტაბატაძეს ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა და კარის ცარიელ კუთხეში ურტყამდა, სადაც, სამწუხაროდ, ამირან ძაგანია იდგა. იურიმაც ბურთს მიმართულება უცებ შეუცვალა, უფრო მარჯვნივ გაგზავნა და… ააცილა. 35-ე წუთზე სტანდარტულიდან ჩაწოდების უფლება მოვიპოვეთ, რის მერეც საჯარიმოში მდგარი გიორგი ჯგერენაიას დარტყმული კარის ჩარჩოს აცდა. აქედან ორიოდ წუთში ამირან ძაგანიამ მინი-დრიბლინგი და ცრუმოძრაობების მცირე კოლაჟი შემოგვთავაზა, მაგრამ ცუდად დაარტყა.
მეორე ნახევრის შუა წელში „ლევადიას“ დაცვის შეცდომის შემდეგ იური ტაბატაძე მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, ქართველი თურმე თავზე გადაგდებას ლამობდა, რაც კრახით დასრულდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში როდრიგო პალასიოს ეპიზოდს ჰგავდა, რის მერეც არგენტინაში გამოთქმა გაჩნდა: „დაბალი, პალასიო“. აქაც, იურის, სჯობდა, დაბალი დაერტყა.
ამის მერეც შანსებს კვლავ ჩვენ ვიღებდით, ოღონდ მომენტები დარტყმითაც კი არ მთავრდებოდა და საქმეში გვერდითი მსაჯი თავისი ალმით ჩაერთო. იმ ანეკდოტის არ იყოს, ვეჭვობ, გვერდით არბიტრს იღლიის გაგრილება სწადდა. შემდეგ უკვე ზუსტი დარტყმებიც ვიხილეთ: ძაგანიას ახლოდან კარლ ანდრე ვალერმა ურთულესი დარტყმული აუღო, ორიოდ წუთში გიორგი მაკარიძემაც რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ მე-80 წუთზე ერნესტ აგირი საჯარიმოში შემოჰქროლდა და დაარტყა. ერთი შეხედვით, მაკარიძეს უნდა აეღო, შეეხო კიდეც ბურთს, მაგრამ ბურთმა, ჩვენდა სამწუხაროდ, კარის ხაზი გადაკვეთა…
დაცვით ასპექტში მათ დიდხანს კიდეც ვჯობდით, რადგან „ლევადიას“ მცველები მომენტებს „გვჩუქნიდნენ“, მაგრამ საქმეში გამძლეობის ასპექტი ჩაერთო და დროის გასვლამ წყალი ისევ მასპინძლების წისქვილზე დაასხა – ჩვენებმა ვეღარ გაუძლეს… ლევან კორღალიძის მიერ დაწესებული „პროგრამა-მინიმუმი“ ჩვენს ნაცვლად, „ლევადიამ“ შეასრულა.
ეს ყოველივე ძალიან სამწუხაროა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა შინ გვაქვს – ეს ერთი, ერთ კვირაში დისკვალიფიკაციიდან გიზი მამაგეიშვილი დაბრუნდება – ეს მეორე. ამ ორის გარდა მეტ დადებით რამეს ვერ გეტყვით, რადგან გუშინწინდელმა თამაშმა ასე განმაწყო. ეგ მართალია, იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ და ეგებ რამე შინ გამოვიდეს…
ომონია 1-0 ტორპედო – გამარჯვების კონტურები ისახება?!
ამ შეხვედრის პირველ წუთებში მოხდა ის, რასაც ველოდით: ნიქოზიელებს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ. პირველივე წამებზე სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მიზანს მაშინ ვერ მიაღწიეს. „ტორპედოს“ ნახევარდაცვა უკანა ხაზის მოთამაშეებს კარგად აზღვევდა, ერთი-ორჯერ ოთო გოშაძემაც ივარგა, თუმცა ბურთის გამოტანაში მოვიკოჭლეთ და მეოცე წუთზე საკუთარ მესამედში დაკარგული ბურთი შტეფან იოვეტიჩის გოლით დასრულდა.
გოლის გაშვების შემდეგ ქუთაისელებს ცივი შხაპი გადაესხათ და 4-5 წუთში შეტევის ორგანიზება დაიწყეს. აშკარაა, რომ ჩვენებს ესეც დასახვეწი აქვთ, კერძოდ, წინ წასვლისას კონტაქტურობის პრობლემა იგრძნობოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, სხვა ქართულ გუნდებზე უკეთ და სახიფათოდ შეტევაში წასვლა სწორედ „ტორპედოს“ გამოსდის. ირაკლი ბიძინაშვილი მუდამ დრიბლინგისკენ მიიწევდა, მაგრამ „ომონიას“ ათლეტური აღნაგობის ფეხბურთელებს შორის ამის გაკეთება უპრიანი სულაც არ გახლდათ. სამაგიეროდ, პასის ალტერნატივა გამოინახა და პაატა ღუდუშაურიც დაიტვირთა, რომელმაც რამდენიმე კარგი ცრუმოძრაობა შემოგვთავაზა. აგრეთვე, ვლადიმერ მამუჩაშვილი სტანდარტულებიდან ზუსტი ჩაწოდებებითა და 25-ე წუთზე განხორციელებული შორეული დარტყმით გამოირჩეოდა, რა დროსაც ბრაზილიელმა ფაბიანომ საოცარი სეივი შემოგვთავაზა. „ტორპედოს“ კაპიტანი დაცვასაც კარგად ეხმარებოდა, ისევე, როგორც გუნდის ცენტრფორვარდი ბიორნ იონსენი შავ სამუშაოს ასრულებდა.
იოსიპ სიმიჩის დაცვის ხაზში სუფთა თამაშიც აღსანიშავია. ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერმა, შეიძლება ითქვას, რომ იმუშავა. თან, მეტწილად ბურთი არ გვეკავა და დაცვაში „ვიჯექით“, ამ დროს კი ასეთი საიმედო მცველის ყოლა უმნიშვნელოვანესია. „ტორპედოს“ დაცვის შედარებით სუსტი წერტილი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბურთის გამოტანაა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში ამ კუთხით წინსვლა გამოჩნდა: მოკლე პასებით რამდენჯერმე წინ წასვლა მოხერხდა, განსხვავებით „ორდაბასთან“ თამაშისას, სადაც სიღრმიდან შეტევაში წასვლის ლამის ერთადერთ ალტერნატივად გრძელი, მაღალი პასი რჩებოდა.
მეორე ნახევრის დასაწყისი პირველისას ძალიან ჰგავდა, რადგან ისევ მასპინძლები აქტიურობდნენ, ჩვენ კი თავს მხოლოდ ოთო გოშაძის მაგარი მოგერიებებითა და წინ ფეთქებადად შექმნილი მომენტებით ვიჩენდით. 57-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და „ომონიამ“ მაშინვე აქეთ შემოგვიტია. 63-ე წუთზე დაცვის შეცდომით ბიორნ იონსენმა ისარგებლა, ბევრი იარა, შემდეგ უკან პასი პირესს გაუკეთა და ირაკლი ბიძინაშვილმა დარტყმის შემდგომ კუთხური გამოიმუშავა…
სამწუხაროა, რომ ამის გარდა მომენტები თითქმის არ გვქონია და „ომონიას“ მწვავე შეტევებს ვუმკლავდებოდით. ამ მდგომარეობაში მხოლოდ მინიმალური სხვაობით მარცხიც დასაფასებელია, თუმცა შეტევაში მეტი შეგვეძლო და ბოლო წუთებში მოკლე პასებისა და ურთიერთგაგების პრობლემა ნათლად გამოჩნდა. დირკ შუსტერს, ამ უკანასკნელთან ერთად, ბევრი სამუშაო აქვს და თუ ბიჭებიც და მწვრთნელებიც ყველაფერ ჩადებენ, განმეორებით შეხვედრაში წარმატების მეტი შანსი იქნება!
რიგა 2-1 დილა – ყველაფერი გორში გადაწყდება
სამწუხაროა, რომ გორის „დილას“ თამაშების ტელევიზორში, ან პირდაპირი ტრანსლირებით ნახვა მასობრივად არ ხერხდება… არადა, გორელები ევროთასების შესარჩევ ციკლში ყოველთვის, დასამახსოვრებლად თუ არ ასპარეზობენ, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან.
პირველ ტაიმში „დილას“ სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ლატვიელებმა გასახდელში გოლი გაგვიტანეს.ამას კი მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი მოაყოლეს. სტუმრებს კარისკენ ხშირად არ დაურტყამთ, დამამთავრებელ ფაზაში მათი სისუსტე ლუქსემბურგის „რასინგთანაც“ გამოჩნდა, მაგრამ მეორე ნახევარში ამ კომპონენტში ჩვენებმა მოუმატეს, შედეგად კი დეო ბასინგას გოლი მივიღეთ, რამაც ერთ კვირაში გასამართ შეხვედრას ინტრიგა მეტად დაუტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ რიგელები ლატვიის ჩემპიონატს ლიდერობენ, ვერ ვიტყვით, რომ დიეგო ლონგოს გაწვრთნილ გორის „დილას“ მათი დამარცხება არ ძალუძს, მით უმეტეს, როდესაც განმეორებითი თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართება. ასე რომ, დილას, ისევე როგორც ყველა სხვა ქართულ გუნდს, წარმატება ვუსურვოთ!
აუსტრია 2-0 სპაერი – მცირე სასიამოვნო მოულოდნელობა…
2024 წლის საქართველოს თასის გამარჯვებული ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე „სპაერისგან“ მატჩის წინ ბევრი არც არაფერს ელოდა და არც მოითხოვდა, გარდა ღირსეული თამაშისა და ბრძოლისა, რადგან მეტოქედ ავსტრიის ჩემპიონატის ძლიერი გუნდი შეხვდათ, თუმცა გუშინ, თბილისის დროით შუაღამით სასიამოვნო მოულოდნელობა შემოგვთავაზეს.
პირველი მომენტი ქართულ გუნდს შეექმნა, მაგრამ პაპუნა ფონიავამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ანგარიში ვენის „აუსტრიამ“ მანფრედ ფიშერის გოლით მერვე წუთზე გახსნა და პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, ე.წ. „ცალკარა“ ვიხილეთ. იყო მომენტები, როდესაც რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა თბილისურმა გუნდმა ბურთის დაჭერა შეძლო, მაგრამ ისიც დროებითი და მეტწილად, არაფრისმომცემი გამოდგა. ხშირად, ჩვენები საკუთარ საჯარიმოში თამამად ბურთის გათამაშებას იწყებდნენ, რაც ბურთის დაკარგვითა და მასპინძლების მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით მთავრდებოდა… აქეთ მხარეს კი აღსანიშნია, რომ ავსტრიელები ხშირად უმიზეზოდ, არასაჭირო ვითარებაში უხეშობდნენ.
ანზორ კიღურაძის შეგირდები, როგორც ჩანს, გრძნობდნენ, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. დაცვაში ჩვენები ლამის მთელი გუნდით მჭიდროდ იდგნენ. ცენტრალურმა მცველმა გიორგი ბუნტურმა მასპინძელთა არაერთი დარტყმული დაბლოკა, ბუხუტი ფუტკარაძემ კი მეორე ტაიმის დასაწყისში ორმაგი სეივი გააკეთა. ამის შემდეგ შეტევაში ერთი-ორჯერ ქართველი ფეხბურთელებიც წავიდნენ, მაგრამ „აუსტრიამ“ ჩვენი შეცდომების სათავისოდ გამოყენება აჩქარებულ ტემპში დაიწყო. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვამ ერთგვარად სპორტული თავგანწირვით არაერთხელ ითამაშა და ბუხუტი ზაქარიაძის რამდენიმე კარგი მოგერიებაც ვიხილეთ. ბოლო წუთებში “სპაერს” ავსტრიულ კართან ხიფათი არ შეუქმნია და მინიმალური ანგარიშის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე საბა მაისურაძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დომინიკ ფიცმა გოლად გარდასახა.
იქნებ, ამ ბოლო ამბავმა ჩვენს მკითხველს განწყობა ოდნავ მაინც გამოუკეთოს და იმედით გააჯეროს. “სპაერი” საშინაო არენაზე, დიდი ალბათობით, ვერ მოიგებს, მაგრამ დანარჩენ ქართულ სამ კლუბს მშვენიერი შანსი ჯერ კიდევ აქვს, რათა მესამე ეტაპზე კვალიფიცირდეს. ეს კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკლუბო ფეხბურთში რეგრესისკენ მიმავალ გზაზე სწორ გეზს მცირედით მაინც დაგვანახებს!
[VIDEO] “სპაერი” ვენაში “აუსტრიასთან” 0:2 დამარცხდა
[VIDEO] “დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა
სარეკორდო ტრანსფერი – “ტორპედომ” მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
[VIDEO] “იბერია 1999” “მალმიოსთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
[VIDEO] “სპაერი” ვენაში “აუსტრიასთან” 0:2 დამარცხდა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
რა გეგმა აქვს შუსტერს? – დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
“გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას” – თბილისის “დინამოს” განცხადება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა