პროკურატურის ინფორმაციით, შეისწავლიან “2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას”.
უწყების ცნობით, ამ საკითხს შეისწავლიან გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება “საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას”.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ის ჩორჩანას ეპიზოდი დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი თვის წინ, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით. გახარიას თქმით, ეს ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა, საგუშაგოს გახსნით კი დაიცვა ეს ტერიტორია.
