„საბოლოო ჯამში, „ტრუსიკ–მაიკის“ ამარა დარჩება ივანიშვილი… საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცაო, ასეა მისი საქმე“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– ლაშა, დაძაბული მდგომარეობაა ქვეყანაში, ე.წ. ხელისუფლებამ არნახული რეპრესიები დაიწყო, თუმცა, პროტესტი არ ჩერდება. სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე და ყველაზე უარესი, რა შეიძლება მოხდეს?
– ბიძინა ივანიშვილი დამთავრდება და როგორ დამთავრდება, ეს მისი გადასაწყვეტია. მას აქვს არჩევანი, კადაფის, იანუკოვიჩისა და მილოევიჩის ბედს შორის. ქართველ ხალხს უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ივანიშვილი უნდა დამთავრდეს, როგორც პოლიტიკოსი და სასურველია, გლდანის ციხეში ჩაჯდეს. თუ გაგვასწრებს უკეთესია, თუ არადა, მისთვის საუკეთესო შემთხვევაში, გლდანის ციხეში ჩასვამენ.
– საიდან გაქვთ ეს ოპტიმიზმი?
– საიდან და ხალხია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგი და ხალხთან ბრძოლა არავის მოუგია, ვერც პუტინის „შნირი“ ივანიშვილი ვერ მოიგებს.
– თუმცა, შარშან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში პროტესტით, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ივანიშვილის პარლამენტმა მაინც მოახერხა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება. კი, ასეთი მასშტაბური და დიდხნიანი აქციები არ იყო, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი გამოვიდა და დიდი პროტესტი იყო, არა?
– შარშანდელზე ბევრად მასშტაბური აქციებია და 50 დღეზე მეტია, ხალხი ქუჩაშია, ეს კი შარშან არ იყო. შარშან არც სანქციები იყო და წელს არის, ამერიკამ და რამდენიმე ქვეყნამ სხვა და სხვა სახის სანქციები დაუწეს რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ შორის, ივანიშვილს. ეს სანქციები ძალიან მალე იქნება უფრო მკაცრი და მრავალმხრივი, უფრო აქტიური და საბოლოო ჯამში, „ტრუსიკ–მაიკის“ ამარა დარჩება ივანიშვილი. მისთვის უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მალე გაიქცეს მოსკოვში იანუკოვიჩივით. ივანიშვილს მართლა აქვს პერსპექტივა, ისე დაამთავროს, როგორც კადაფმა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ასე მოხდეს.
– ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციებზე არიან, მაგრამ აქციებზე, ხალხზე არანაირი გავლენა არ აქვთ. ამ ფაქტზე რას იტყვით?
– ხალხის მიერ თვითორგანიზებული აქციებია, ეს ხალხმა გადაწყვიტა ასე. ოპოზიცია სხვა და სხვანაირია, ჭრელია… რა ვქნათ, რაც არის, ეს არის. თუ უკეთესი პარტიები შეიქმნება მომავალში, კარგი იქნება. მთავარია, ივანიშვილი ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. თუ ამას ვერ მივაღწიეთ, თუ შევეგუეთ იმას, რასაც აპირებენ, დამყარდება დიქტატურა და ვიქნებით მშიერი ბელორუსის მსგავსი ქვეყანა, რომლის მმართველიც ერთი კაცი იქნება.
– არჩევნები თუ დაინიშნა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ობიექტურად ჩატარდეს?
– საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლიით, მათი ორგანიზებით უნდა ჩატარდეს არჩევნები. იქნება ეს გაერო თუ ევროკავშირი, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. პრაქტიკაც არსებობს გაეროს მიერ კონკრეტულ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა არ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. მისი ჩატარებული არჩევნები ვნახეთ, რომელმაც მოხსნა ყველა რეკორდი, სააკაშვილისა და შევარდნაძის მიერ დამყარებულიც კი.
– „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების დანიშვნა, იქნება თუ არა იმის აღიარება, რომ არჩევნები გააყალბეს და ეს ივანიშვილისთვის იქნება სერიოზული მარცხი?
– რა თქმა უნდა, თუ დანიშნეს ხელახალი არჩევნები, თავისთავად აღიარება იქნება, რომ გააყალბეს ეს არჩევნები. თუ არ გაყალბდა, აბა, ხელახლა რატომ ვატარებთ? ცხადია, ეს ივანიშვილისა და მისი პარტიის პოლიტიკური მარცხი იქნება.
– ამ გადასახედიდან, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნების მერე, „ქართულ ოცნებას“ სად ხედავთ – პარლამენტში თუ საერთოდ გაქრება „მოქალაქეთა კავშირივით“ და არჩევნებში არც მიიღებს მონაწილეობას?
– „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია მათ საქციელზე. თუ ასე გააგრძელეს ძალადობა, რეპრესიები და მერე არჩევნები დაინიშნა, შეიძლება 5 პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახონ. სადამდე დაეცემიან და რამდენ დანაშაულს ჩაიდენენ, ეს იმაზეა დამოკიდებული. თუ ასე გააგრძელეს, მაშინ „ქართული ოცნებას“ მომავალი აღარ ექნება. ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს და ამის მერე რომ არჩევნები ჩატარდება, იქ „ქართული ოცნება“ ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რადგან მათი პოლიტიკური ლიდერები, ხალხზე ამ ძალადობის, არნახული უკანონობის თანამონაწილენი არიან და ამ ყველაფერისთვის მოუწევთ ციხეში წასვლა. ოღონდ, ისინი უნდა გასამართლდნენ სამართლიანი სასამართლოს მეშევეობით. ჩვენ მრავალპარტიულ ხელისუფლებას უნდა მივაღწიოთ და ამის შემდეგ გვექნება სამართლიანი სასამართლო. რამდენი ერთპარტიული ხელისუფლებაც გვყავდა, ყველამ დაიქვემდებარა სასამართლო. ახლა არის იდეალური შანსი, მარტო ივანიშვილი კი არ გავუშვათ ციხეში, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში. იმედია, ნორმალური პარტიებიც შევძლებთ ახალ პარლამენტში მოხვედრას და არა მხოლოდ საეჭვო პარტიები შევლენ. რამდენიმე პარტია, ურთიერთკონკურენციისა და ერთმანეთის კონტროლის პირობებში, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ერთპარტიული ხელისუფლებების დრო უნდა დასრულდეს საქართველოში. სწორედ ამან მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, რასაც კატასტროფის ზღვარს თუ ვუწოდებ, ნამდვილად არ იქნება გადამეტებული.
– რაც გამოიყენა ივანიშვილმა ხალხის წინააღმდეგ, ვნახეთ და ძალადობის გარდა, სხვა რესურსი დარჩა?
– არა, რა თქმა უნდა,არანაირი რესურსი აღარ დარჩათ ძალადობის გარდა და ამ ძალადობით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ ძალადობით არა მხოლოდ დასავლეთი გადაიკიდეს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთანაც გაიფუჭეს საქმე, სადაც მათმა დეპუტატებმა, ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ იჩხუბეს და წინასწარ პატიმრობას გამოჰკრეს ხელი. საქართველოში გასდით ძალადობა და ეგონათ, სხვაგანაც გაუვიდოდათ. თუმცა, იქ კანონი დახვდათ და მიიღეს საკადრისი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ამ ქვეყანაში ირაკლი კობახიძის დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა, რაც ძალიან სჭირდებოდათ „ქოცებს“. ეს არ იყო მარტო სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკურ საკითხდაც იქცა. საქართველოს რიგით მოქალაქეებს რომ ექნათ ეს, ამხელა სკანდალი არ მოჰყვებოდა მაგრამ როდესაც ე.წ. დეპუტატი ხარ, არალეგიტიმური თუ რაც არის, იმ პარლამენტისა, თმენის მეტი ვალდებულება გმართებს და უცხო ქვეყანაში ქუჩის ბიჭივით და ყაჩაღივით არ უნდა იქცეოდე. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, არა თუ დასავლურ სამყაროში აღარ ჩაესვლებათ, აღარც არაბულ სამყაროში არ ჩაესვლებათ.
– ბიძინა ივანიშვილის ბოლო იმედი იყო დონალდ ტრამპი, ელოდნენ, რომ მისი ინაუგურაციის მერე რაღაც შეიცვლებოდა მათ სასიკეთოდ… რისი იმედი აქვთ?
– ეს აბსურდი, ეს ზღაპარი ივანიშვილმა თავის მონებს მოუყვეს. ტრამპის გუნდის წევრები ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ის ილუზიები გაუქრათ, რომ ტრამპი მათ რეჟიმის დამყარებაში დაეხმარებოდა და გაყალბებულ არჩევნებს უღიარებდა. ყველაფერს თავი დავანებოთ, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებებმა დაანახა ივანიშვილს, რომ ტრამპთან სათავისოდ ურთიერთობებს ვერ დაალაგებდა. ჯო უილსონის განცხადებებმა ამერიკის ხელისუფლების გარდამავალ პერიოდში, დიდი როლი ითამაშა ჩვენში. მე ველოდები, რომ ტრამპის ხელისუფლება უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებს ივანიშვილს და მისი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაუწესეს. საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცაო, ასეა ივანიშვილის საქმე.