საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა, ფიქტიური გარიგებები და არასამართლიანი განაწილება – რა დარღვევები აღმოჩნდა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის დროს

საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა, ფიქტიური გარიგებები და არასამართლიანი განაწილება – რა დარღვევები აღმოჩნდა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის დროს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვისა და განაწილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020-2021 წლებს მოიცავს, დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი იკვეთება.
აუდიტის სამსახური დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის არაერთგვაროვან მიდგომაზე მიუთითებს. როგორც კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლამ აჩვენა, ხშირად, იმის გამო, რომ დევნილი ოჯახი ნათესავთან ცხოვრობდა, კომისიას უარი აქვს ნათქვამი ბინით დაკმაყოფილებაზე, თუმცა რიგ ანალოგიურ შემთხვევებში დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. აღსანიშნავია, რომ არსებული კრიტერიუმებით, სხვის სახლში ცხოვრების შემთხვევაში, ოჯახს უპირატესობა უნდა მიენიჭოს, რასაც კომისია უგულებელყოფს. არის შემთხვევები, როდესაც კომისია ბინით დაკმაყოფილებისთვის საკმარისზე 3-4-ჯერ მეტი ქულის მქონე ოჯახებს უარს ეუბნება. ამას გარდა, არაერთგვაროვანი მიდგომის შედეგად, ხშირად, კონკრეტულ ეტაპზე აუთვისებელი რჩება ბინები. აუდიტის სამსახური სასურველი დაბალქულიანი ოჯახების განსახილველთა სიაში ხელოვნურად მოხვედრის რისკებზეც მიუთითებს.
გარდა ამისა, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი კიდევ ერთი გარემოებაა, რომ ზოგიერთი დევნილი ოჯახი, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელს და უძრავ ქონებას ფლობს, სახელმწიფოსგან დამატებითი ბინის მიღების მოტივით, საკუთარ ქონებას ფორმალურად, ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, სხვაზე აფორმებს. ანგარიშში განხილულია კონკრეტული ოჯახის მაგალითი, რომელსაც სამოთახიანი ბინა გადაეცა.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, ასევე მაღალია რისკი, რომ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც რეალურად საცხოვრებლის პრობლემა არ აქვთ, კერძო პირისგან ბინის შესყიდვაზე განაცხადს შემოსავლის მიღების მიზნით აკეთებენ.
„სააგენტოს მიერ საცხოვრებელი ფართის დევნილი ოჯახების სასარგებლოდ, კერძო პირებისგან შესყიდვის (შესაბამისად, თანხების ჩარიცხვის) შემდგომ, დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს უკან უბრუნებენ კერძო პირებს. იქმნება რისკი მოჩვენებითი გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია შემოსავლების მიღება და არა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები ახდენენ სააგენტოს მიერ მათთვის შესყიდული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას გაფორმებიდან მოკლე პერიოდში“,- წერია აუდიტის ანგარიშში.
ბინების განაწილებასთან ერთად, ხარვეზებია დევნილებისთვის გადასაცემი ბინების შესყიდვაში. ასე მაგალითად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით ეთქვა უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის შედეგადაც დაიკარგა 120 ათასი დოლარის ეკონომიის შესაძლებლობა. ამას გარდა, თბილისში მენაშენისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, 2020-2021 წლებში ჯამურად გადახდილი თანხა 150.5 მილიონი ლარია. ამავე პერიოდში, საცხოვრებლით 4 671 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.