საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლა. ისინი საბერძნეთში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, “კარმიოტისას” საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. დანაშაულის შემდეგ, ორივე თავდამსხმელმა კვიპროსი დატოვა.
ადგილობრივი მედია დანაშაულს საბერძნეთსა და კვიპროსში მოქმედ დაჯგუფებას უკავშირებს, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული კრიმინალი მეტსახელად “ენტიკი” ხელმძღვანელობს. პოლიციის ვერსიით, ამ დაჯგუფების ანგარიშზე უკვე არაერთი შეკვეთილი მკვლელობაა.
საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ბოლოს, გასული წლის იანვარში, ათენის ცენტრში ჩაცხრილეს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა მას საკუთარ ავტომობილში 96 ტყვია ესროლა. ამ შემთხვევაშიც, გამოძიება საქართველოდან საბერძნეთში ემიგრირებულ ეჭვმიტანილებზე გავიდა- წერს ბერძნული მედია.




