საბერძნეთში შრომის რეფორმების წინააღმდეგ გაფიცვა მიმდინარეობს – შეფერხებულია ტრანსპორტი და მომსახურება

საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილი შრომის რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიფიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაფიცვა, საბერძნეთის უდიდესი საჯარო და კერძო სექტორის პროფკავშირების ორგანიზებით, მიმდინარე თვეში მეორედ იმართება.
შრომის უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც გაფიცულები აპროტესტებენ, დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს გაახანგრძლივონ სამუშაო საათები, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ მოკლევადიანი დაქირავების საკითხებში და ცვლის კერძო სექტორში ყოველწლიური შვებულების წესებს.
მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი შექმნის უფრო ეფექტურ და მოქნილ შრომის ბაზარს და რომ კანონპროექტი იცავს დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე.
თუმცა, პროფკავშირები აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეფორმა არღვევს დასაქმებულთა უფლებებს და აუქმებს რვასაათიან სამუშაო დღეს.
გაფიცვის გამო შეფერხებულია გემებისა და მატარებლების მოძრაობა. გაფიცული თანამშრომლები, მათ შორის საავადმყოფოს ექიმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სხვა მომიტინგეებთან ერთად, შუადღისას პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე დებატები და კენჭისყრა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.