საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეხანძრეები საბერძნეთის მასშტაბით ტყის ხანძრების ხუთ კერას ებრძვიან, ხოლო დედაქალაქ ათენიდან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
„მეხანძრეები დაშავდნენ, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, შენობები დაიწვა და ტყის მასივები განადგურდა“, – განაცხადა საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, გიანის კეფალოიანისმა.
საბერძნეთში ტყის ხანძრებს 200-მდე მეხანძრე ებრძვის, თუმცა ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა მათთან ბრძოლას ართულებს.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.