საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის მატება ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების მიზეზია

საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის საგრძნობი მატება ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი გახდა. მათი თქმით, ტურისტების მატების შედეგად კონკრეტულ ადგილებში ცხოვრება შეუძლებელია და მუდმივ დისკომფორტს ქმნის, აგრეთვე, ეს აზიანებს გარემოსაც.
ნავაიოს სანაპიროზე ჩაძირული გემი ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ტურისტს იზიდავს და ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რას იწვევს ტურისტების მომრავლება. სანაპიროზე არსებული კლდე ჩამოიშალა და მას შემდეგ უკვე სამი წელია, რაც სანაპიროზე ფეხით გასვლა მთავრობამ აკრძალა და დაიწყო მუშაობა როგორც სანაპიროს, ისე გემის დაცვაზე.
მოვლენების ფონზე, ევროპელმა ტუროპერატორებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ალტერნატიული ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისთვის.
ზოგიერთმა ბერძნულმა სასტუმრომ საუზმის დროს ადგილობრივი პროდუქციისა და კერძების შეთავაზება დაიწყო, რითაც ტურისტებისთვის მიმზიდველობის გაზრდა სურთ.
აღნიშნული პროცესის წარმატების შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ეს ტურისტთა ნაკადს გადაანაწილებს მეტ ადგილებში და დაიცავს ქვეყანას ზაფხულის სეზონზე „გადახურებისგან“.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წვლილი შევიტანოთ სხვა, ნაკლებპოპულარული ადგილების განვითარებაში, რითაც ტურისტების „მოულოდნელად“ გაზრდილ რაოდენობას დავაბალანსებთ, თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი რისკია. აგრეთვე, ასეთ ადგილებში ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული და დაბინავების მცირე არჩევანია“, – აცხადებს ტურისტული სააგენტოს დირექტორი, ვოიჩეხ სკოჩინსკი.
მიუხედავად ყველაფრისა, ბერძნული ტურისტული სააგენტოები უარყოფენ ფაქტს, თითქოს ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და გარემოს აზიანებს. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ ზაფხულის სეზონზე მთავარი სანახაობების ვიზიტისას ტურისტთა ნაკადის მენეჯმენტი სასარგებლო პროცესი იქნებოდა.
„ქვეყანაში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც წელიწადის კონკრეტულ დღეებსა და საათებში ადგილობრივი მაცხოვრებლები მუდმივ დისკომფორტს განიცდიან. თუმცა ვფიქრობ, რომ არ არსებობს ადგილი – განსაკუთრებით კუნძულებზე – სადაც მაცხოვრებლების უმრავლესობა ტურიზმის განვითარებას უარყოფითად უყურებენ. ეს ეხება როგორც არსებულ – ისე მომავალ მაჩვენებლებს“, – აცხადებს ბერძნული სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი, იანის ჰაძისი.
2024 წლის ბოლოსთვის საბერძნეთში სულ 35 მილიონი ტურისტის სტუმრობაა მოსალოდნელი, რაც საბერძნეთის მოსახლეობის რაოდენობაზე სამჯერ მეტია და რეკორდული მაჩვენებელია.
წყარო: ევრონიუსი