საბერძნეთში დაკავებული ქართველები, სატელეფონო ჩანაწერები და შეკვეთილი მკვლელობები | ორგანიზებული დანაშაულის დეტალები

ბერძნული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ვანგელის ზამპუნისის ავტომატიდან 90 ტყვია ესროლეს. მკვლელობიდან 24 საათში ათენთან ახლოს, პროვინცია ატიკში და თესალონიკში სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარდა. დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი. მათ შორის ორი ქართველია. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეზე ბერძნულმა პოლიციამ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, სწორედ ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოკლეს ბერძნული მაფიის სხვა ლიდერიც. იანის სკაფტურუსი 2022 წელს საკუთარი სახლის ეზოში ავტომატით ჩაცხრილეს. 39 წლის ქართველის თითის ანაბეჭდები ერთ-ერთ იმ მოტოციკლზე აღმოჩნდა, რომლითაც მკვლელებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს.
დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ქართველი, 20 წლის დ.დ- ა. ბერძნული პოლიცია ამტკიცებს, რომ ის რამდენიმე მკვლელობაში და აფეთქებების მოწყობაშია დამნაშავე. მას ბრალად ედება ბერძნული მაფიის კიდევ ერთი ლიდერის ვასილი რუბეტისისისა და მისი სიძის დიონისე მუზაკიტის მკვლელობა. სამართალდამცველები მის სატელეფონო საუბრებს თვეების განმავლობაში უსმენდნენ. ერთ-ერთ საუბარში ახალგაზრდა კაცი ჩადენილი მკვლელობებით მეგობართან ტრაბახობდა.
ქართული მაფიის წევრების, როგორც მათ ბერძნულ მედიაში მოიხსენიებენ, სახლების ჩხრეკისას ამოღებულია იარაღები და მობილური ტელეფონები. ექსპერტიზა არ დასრულებულა, თუმცა პოლიცია დარწმუნებულია,რომ ნივთმტკიცებად ამოღებული იარაღებით რამდენიმე დანაშაულია ჩადენილი. საბერძნეთის ოფიციალური უწყებები ამტკიცებენ, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ოდესაში იმყოფება და დავალებებს იქიდან გასცემს. მისი იდენტიფიცირება ჯერ ვერ შეძლეს, თუმცა იციან რომ დაკავებულები და ისინი ვისზეც ძებნაა გამოცხადებული პროფესიონალი ქილერები არიან.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბერძნული მაფიის ლიდერებსა და ამ დაჯგუფებას შორის უთანხმოება კონტრაბანდული თამბაქოს გადაზიდვის გამო დაიწყო. ყველა მკვლელობა შეკვეთილი იყო, თუმცა ვინ გასცა ბრძანება და ვინ შეუკვეთა სასტიკი დანაშაულები გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.