29 აპრილის საღამოს საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა და ბერძნულმა პოლიციამ საბერძნეთის ჩრდილოეთში, ალექსანდრუპოლისში დააკავა 59 წლის ეთნიკურად ბერძენი ემიგრანტი საქართველოდან, რომელიც რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს დაკავებულის ვინაობის დასახელების გარეშე.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული, რომელსაც საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და იქ მხატვრის სტატუსით ცხოვრობდა, რუსული სპეცსამსახურებისთვის სამხედრო ობიექტების ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა. ამ სამხედრო ობიექტების მნიშვნელობა და დატვირთვა გაზრდილია უკრაინაში ომის პარალელურად – სამხედრო ტექნიკა, რომელიც აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ხვდება, ძირითადად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. ახლა გამოძიება ცდილობს დეტალურად დაადგინოს თუ კონკრეტულად რომელი ობიექტები ჰქონდა ბრალდებულს გადაღებული და როდის.
თავად ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არ უარყოფს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას, მეტიც, ბერძნული გამოცემა protothema-ს ცნობით, მან გამოკითხვისას თქვა, რომ ამ საქმეს აკეთებდა არა ფულის სანაცვლოდ, რომელიც შესთავაზეს, არამედ “დედა რუსეთისთვის”, რადგან თავს რუსეთის გულშემატკივრად მიიჩნევს, როგორც წარსულში საბჭოთა ჯარში ნამსახურევი ადამიანი.
გამოძიების ვერსიით, საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ემიგრირებული აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი და GRU-ს რეკრუტირებული კრიმინალური ჯგუფის წევრის შეთავაზებით ჩაერთო რუსეთის სპეცსამსახურებისთვის სასარგებლო მუშაობაში და გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალასაც ლიტვაში უგზავნიდა პირს, რომელიც ლიტვაში ცხოვრობს, ბერძნულ პასპორტს ფლობს და ასევე ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დაბადებული და გაზრდილი. გამოძიების ფარგლებში 59 წლის სავარაუდო ჯაშუშის პარტნიორიც დაკავებულია ლიეტუვაში.
