საბერძნეთის ხელისუფლება „ნაციონალურ ბანკში“ საკუთარ წილს ყიდის

საბერძნეთის ხელისუფლება „ნაციონალურ ბანკში“ საკუთარ წილს ყიდის
საბერძნეთის ხელისუფლება “საბერძნეთის ნაციონალურ ბანკში”, იგივე NBG-ში, საკუთარ წილს ამცირებს. ამჯერად, მთავრობა ბანკის 10%-იანი წილის გასხვისებას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ €727 მილიონს მიიღებს. ტრანზაქციის შედეგად, ხელისუფლება ქვეყნის წამყვან ბანკში 8.4%-იან წილს დაიტოვებს, მაგრამ თავად ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, ეკონომიკის გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილებების შემობრუნებას აგრძელებს. იმ დროს, მოგეხსენებათ, საბერძნეთის მთავრობამ გაკოტრებას არაერთი ბანკი გადაარჩინა, მაგრამ მას შემდეგ, საკუთარი წილი გაასხვისა.
“საბერძნეთის ნაციონალური ბანკი” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური კორპორაციაა, რომელიც ჯერ კიდევ 1841 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, NBG-ის მანდატში ეროვნული ვალუტის გამოშვებაც შედიოდა, რადგან ის ცენტრალური და კომერციული ბანკის როლებს ითავსებდა, რაც დღემდე ჩანს ბანკის სახელწოდებაში. 1928 წლიდან, მონეტარული პოლიტიკის კონტროლი იმ დროს ახლად შექმნილმა “საბერძნეთის ბანკმა” გადაიბარა, ხოლო “საბერძნეთის ნაციონალური ბანკი” დიდ და ძლიერ კომერციულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ბევრი ბანკი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს გადავიდა, როცა ფინანსური კომპანიების საბალანსო უწყისში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების დისბალანსმა ისინი გადახდისუუნაროდ აქცია. ბოლო პერიოდში კი, სახელმწიფოებმა ბანკებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ბანკის მართვა, მოგეხსენებათ, ა პრიორი, ხელისუფლების პრეროგატივას არ წარმოადგენს. საბერძნეთთან ერთად, ასეთი ნაბიჯი, ბოლო დროს, გერმანიის, იტალიის და ნიდერლანდების ხელისუფლებამ გადადგა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად საბერძნეთის ეკონომიკაზე, რომელიც, ბოლო პერიოდში, დადებით შედეგს აჩვენებს. 2024 წლის მეორე კვარტალში, საბერძნეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 1.1%-ით იმატა, რაც კარგი შედეგია, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ ზრდას თუ გადავხედავთ. ამასთან, გასულ წელს, ქვეყანამ საინვესტიციო შეფასება დაიბრუნა, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაკარგა, როცა ქვეყანაში საგარეო ვალის კრიზისი დაიწყო. ამ ყველაფრის ფონზე, ბერძნულმა ბანკებმა წელს აქციონერებზე დივიდენდების გაცემაც დაიწყეს, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა.