საბერძნეთის ელექტრომომარაგებაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაიზრდება – გეგმა

საბერძნეთმა 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის გაფართოებისა და სათბურის აირების ემისიის შემცირების უფრო მასშტაბური გეგმა წარადგინა – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
განახლებული გეგმით, ათენი მიზნად ისახავს, ქვეყნის ელექტრომომარაგებაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაიზარდოს, ნაცვლად 66%-ისა, რომელიც საბერძნეთმა 2019 წლის გეგმაში გაწერა. ახალი სამიზნე მაჩვენებლები ევროპულ კომისიას დასადასტურებლად უკვე გადაეგზავანა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიები დეტალურად განსაზღვრავს, 2030 წლისთვის ბლოკის ემისიების 55%-მდე შემცირებაში წევრი ქვეყნების კონტრიბუცია რა იქნება. საბერძნეთის შემთხვევაში კი ხმელთაშუა ზღვის ქვეყანამ მოახერხა და, კლიმატური პირობების ხელშეწყობით, განახლებადი ენერგიის წარმოება 2014 წლიდან დღემდე გააორმაგა, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების უმრავლესობა კი დახურა.
გეგმის წარდგენაზე საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრმა, თეოდორე სკაილაკაკისმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკვე გადაჭარბებით შეასრულა მწვანე ენერგიასთან დაკავშირებული ყველა გეგმა და შეამცირა სათბურის აირების ემისიები, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ განახლებული გეგმა არ პასუხობს კლიმატის ცვლილების გამოწვევას, რომელიც უფრო მწვავდება.
საბერძნეთში 2024 წლის ზაფხული განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა – წლების განმავლობაში გაძლიერებულმა ტენდენციამ გამანადგურებელი დატბორვისა და ტყის ხანძრების მხრივ, თავი წელსაც იჩინა, რის გამოც საბერძნეთს გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ისევე როგორც კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი ინფრასტრუქტურის აშენება, უჭირს.
ახალი გეგმის თანახმად, ათენი ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის ამ მიმართულებით დამატებით 95 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადება მოუწევთ, რაც ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარებათ, რომლებიც ათასობით შენობას ენერგოეფექტურს გახდის, შექმნის ენერგიის დასაწყობების გზებს და გაზრდის მზისა და წრის ენერგიების დადგმულ სიმძლავრეს. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით 2050 წლამდე განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა ჯამში 330 მილიარდ ევროს მიაღწევს.
საბოლოო ჯამში, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, 2030 წლისთვის საბერძნეთის ნახშიროჟანგის ემისიები 58.6%-ით შემცირდება და ქვეყანა კლიმატნეიტრალურობას 2050 წლისთვის მიაღწევს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ