საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი ბავშვის ბებიის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა აცხადებს, რომ 5 იანვარს ოკუპირებულ გალში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის ბებიის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქალის მოსანახულებლად ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.
„მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – თქვა ლევან მგალობლიშვილმა.
ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქალს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს:
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია“.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა – ხის პატარა სახლს ცეცხლის ალი სწრაფად და ძლიერად მოედო. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა – ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, ყველაზე უმცროსი – 8 თვის.
ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ფორუმი