საბედისწერო 10 აპრილი გივი ბერიკაშვილისთვის

10 აპრილი თეატრისა და კინოს მსახიობისთვის გივი ბერიკაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – 2017 წლის 10 აპრილს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.სანდრო ელოშვილი, რეჟისორი: “2017 წელი იყო, 10 აპრილი, დილის ოთხი საათი.
5-6 ადამიანი ვიდექით კლინიკასთან, ექიმი გამოვიდა და თქვა, მდგომარეობა დავასტაბილურეთ და შეგიძლიათ წახვიდეთო… დავიშალეთ და სახლამდე წესიერად მისვლაც ვერ მოვასწარით, რომ დარეკეს – გარდაიცვალაო…
მისი სპორტული ტანსაცმელი ზურიკოს რომ გადასცეს, ჯიბეში პატარა ბლოკნოტი იპოვნა:
მეპურეს შვილი ჰყავს სამკურნალო…
ხილ-ბოსტნის ქალი სახლის ქირას ვერ იხდის…
მემწვანილის ბიჭი ინსტიტუტშია მოსაწყობი…
“სტაიანშიკს“ ბანკში აქვს პრობლემები…
ასე იყო ნამდვილად! ზოგს როლი შეხვდა ჰამლეტის, ზოგს კი ოიდიპოს მეფის, ზოგს დონ ჟუანის და ზოგს დონ კიხოტის… გივი ბერიკაშვილს ერთი დიდი როლი მისცა სამყაროს რეჟისორმა, განგებამ… ყოფილიყო სხვა ადამიანების იმედი და ეს როლი ისე შეასრულა, მთელი ქვეყნის მედლები და სიგელები ვერ აწონის მის ფასს…პანაშვიდიდან ერთ ჩემს მეგობარს ვაცილებდი, რომელიც პირველად იყო მათ სახლში და კიბეებზე ჩუმად მკითხა – ეს სამ ოთახიანი “ხრუშოვკაა“ ბერიკაშვილების ქონებაო?! გამეცინა და არაფერი ვუპასუხე…უკვე თვეები იყო გასული, ზურიკოს ველოდებოდი ავტოფარეხთან… იმ “გარაჟში“ მანქანას რა უნდოდა? ღვინო უნდა აგვეღო!… გვერდით ფარეხი კი თონედ იყო გადაქცეული. შიგნიდან მეთონის ხმა ისმოდა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა – აბა როგორ უნდა ვიყო, ზახარიჩი აღარ მყავსო… მეთონესაც რომ თავისი, პირადი გივი ბერიკაშვილი ჰყავდა… ეს იყო ბერიკაშვილების ქონება!90-იან წლებში, გაჭირვებისა და უბედურების დროს, სატვირთო მანქანების მძღოლები გაცილებას სთხოვდნენ ხოლმე, რომ არ დაეყაჩაღებინათ, მაგრამ როდესაც ერთხელ ოჯახის წევრებმა სთხოვეს, დაგვეხმარე და გვიშუამდგომლე, ბიზნესი დავიწყოთო… უპასუხა – არ გვინდა, დამიჯერეთ, ასე უფრო მშვიდად გვძინავსო!როგორ უნდა შეაყვარო ხალხს თავი, რომ წლების განმავლობაში ყველაზე სასურველ მეკვლედ გასახელებდეს ქვეყანა… რომ ახალი წლის ღამეს, 12 საათზე შენი ფეხის შედგმა უნდოდეს სახლში ათასობით ოჯახს…
ამას წინათ სადღაც წავიკითხე, 2050 წელს კაცობრიობას უკვდავების წამალი ექნებაო…ცხრა წლის წინაც ჰქონდა ეგ წამალი გივი ძიას და იმ წამალს ხალხის სიყვარული ჰქვია… ისევ ისე რომ ახსოვს ყველას… ისევ ისე რომ უყვარს…”